"აქტიურ მონიტორინგს ვუწევთ" - ომბუდსმენის აპარატი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქტიურ მონიტორინგს უწევს გამოცემების - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს. მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს.

აპარატის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები მათ უკვე გამოითხოვეს.

"სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი. იგი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს.

ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის ადვოკატს", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

მათივე განცხადებით, დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი.

"სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 27 იანვარს, რა დროსაც გაესაუბრა როგორც მზია ამაღლობელს, ისე დაწესებულების სამედიცინო პერსონალს და გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას. იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობითვე, მათ წერილობით მიმართეს პენიტენციურ სამსახურს, დაჩქარდეს მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციის ადვოკატისთვის მიწოდების პროცესი:

"აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს".

30 იანვარს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" განაცხადა, რომ მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი უწყებები ადვოკატებს არ აწვდიან პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

საიას განცხადებით, ეს "განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა".

ორგანიზაციამ სახალხო დამცველს მიმართა, მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი, ასევე მიაწოდოს ორგანიზაციას მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები.

ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს, რომელიც ციხეში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელი ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება;
ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.