1 აპრილიდან „საჯარო სამსახურის ბიურო“ უქმდება

1 აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო“.

პრესსამსახურის ცნობით, მას შემდეგ, რაც თანამდებობის პირთა დეკლარაციების შევსება-გამოქვეყნებისა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ნაწილი ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცა, ფუნქციების მესამედი გამოაკლდა. თუმცა ბოლო ორი თვეა, დეკლარაციები „ტექნიკური ხარვეზის“ გამო აღარ ქვეყნდება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, „საჯარო სამსახურის ბიუროს“ გაუქმების შემდეგ „დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ“. რადიო თავისუფლება პრესსამსახურთან ცდილობს გაარკვიოს, რამდენ ადამიანს შეუწყდება ხელშეკრულება 1 აპრილიდან.

2022 წლის 30 ნოემბერს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა და შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. სამსახურის უფროსი პრემიერ-მინისტრმა დანიშნა. ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია.

ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ბიუროს ხელმძღვანელმა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადების შემდეგ კი უწყების ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა.

ამ დრომდე მედია არ ფლობს ინფორმაციას, იკვლევს თუ არა და რომელ სახელმწიფო უწყებებში ბიურო კორუფციულ რისკებს.