სულ ცოტა ორი ადამიანი დააკავეს პარლამენტის გვერდით ჩიტაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ რაც დემონსტრანტებმა, რომელთა უმრავლესობა ჟურნალისტი იყო, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მსვლელობით გადმოინაცვლა.
დღეს 4 თებერვალს, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქციას მართავდნენ გამოცემების "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" პატიმრობაში მყოფი, დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით. მზია ამაღლობელი 24-ე დღეა შიმშილობს.
დღეს, სადავო არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის სხდომაზე ასევე იგეგმება კოლეგიის მიერ, "ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება.
მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა გზის გაგრძელება სცადეს მსვლელობით, ჩიტაძის ქუჩის გავლით, პოლიციამ მათ უფლება არ მისცა შეჩერებულიყვნენ შენობის გვერდითა შესასვლელთან, საიდანაც პოლიტიკოსები ავტომობილისებით შედიან ხოლმე.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგი ბზიშვილი, "ინტერპრესნიუსის| ჟურნალისტს მერაბ მეტრეველს ეუბნებოდა, რომ "აქ ვერ დადგებითო".
პოლიციამ დემონსტრანტებს ტროტუარზე გადასვლისკენ უბიძგა, რომლის ნაწილის უკვე დაკავებული ჰქონდა საპატრულო პოლიციის უნიღბო და ნიღბიან თანამშრომლებს. ამ დროს, როგორც რადიო თავისუფლების ფეისბუკის ლაივში ჩანდა გაურკვეველ გარემოებებში დააკავეს აქციის ორი მონაწილე. პოლიციელებმა იძალადეს გამოცემა "პუბლიკის" ფოტოგრაფზე, რომელსაც თმას ქაჩავდნენ.
პოლიციამ აქციის მონაწილეები საბოლოოდ აიძულა პარლამენტის წინა მხარეს რუსთაველის გამზირზე ჩამოწეულიყვნენ.
პოლიცია, პარლამენტის შენობის ირგვლივაა განთავსებული, მათ შორის პარლამენტის უკან მდებარე სკვერშიც.
4 თებერვალს პარლამენტის შენობაში "უსაფრთხოების ყვითელი დონე"იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს იქ შესვლა შეეზღუდებათ და დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები, ასევე ტელემედია.
შენობაში არ დაიშვებიან ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები.