საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყაზახური ბაზარი მიმზიდველია ქართველი ექსპორტიორებისთვის.
„საქართველოსა და ყაზახეთს ტრადიციულად აკავშირებთ მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ხასიათდება ზრდის ტენდენციებით. ყაზახური ბაზარი მიმზიდველია ქართველი ექსპორტიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ქართული აგრო-სასურსათო პროდუქტების ექსპორტს ყაზახეთში, ასევე წავახალისოთ ინვესტიციები აგრო-სასურსათო სექტორში.
ყაზახეთი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. შესაბამისად, გამოვხატავთ მზადყოფნას, განვაგრძოთ თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან ტურიზმის სფეროში.
გვაქვს შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ასევე წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებთან. საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. სასიხარულოა, რომ ყაზახური ბიზნესი წარმატებით ვითარდება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თქვენი პირველი ვიზიტი ყაზახეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გვთავაზობს ახალ პერსპექტივებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, – ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ოლჟას ბეკტენოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლების ურყევი გადაწყვეტილებაა ქვეყნებს შორის საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება.
„პირველ რიგში, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო პოსტზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი პირველი ვიზიტი ყაზახეთში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გვთავაზობს ახალ პერსპექტივებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ბევრი საერთო ინტერესი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პირად ძალისხმევას ყაზახეთ-საქართველოს პარტნიორობის განმტკიცების თვალსაზრისით. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ყაზახეთი და საქართველო იქცნენ არა მხოლოდ მეგობარ სახელმწიფოებად, არამედ სანდო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებადაც. საქართველო არის ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების მხრივ. ყაზახმა მეწარმეებმა განახორციელეს დაახლოებით 620 დოლარის ოდენობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა.
ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის, პირობების სისტემატური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში, – ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ოლჟას ბეკტენოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ ყაზახეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე.
„ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის დღესაც ყურადღების ცენტრშია. გვჯერა, რომ არსებობს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაციის დიდი პოტენციალი. ტრანზიტი და ტრანსპორტი ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფეროებია. როგორც ყაზახეთი, ისე საქართველო წარმოადგენს ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს და გვთავაზობს ევროპისა და ჩინეთის/სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დამაკავშირებელ ეფექტიან მარშრუტებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე. ბოლო წლის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვები ამ დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 62%-ით და შეადგინა 4.5 მილიონი ტონა. ეს კი ნიშნავს თითქმის ხუთმაგ ზრდას 2021 წელთან შედარებით და ასახავს მზარდ ნდობას მოთხოვნისა და მიწოდების მხრივ ამ მარშრუტის მიმართ. ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის, პირობების სისტემატური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და ვითვალისწინებთ მის სტრატეგიულ სატრანზიტო, სატრანსპორტო პოტენციალს ჩვენი საერთო განვითარების გეგმების ფარგლებში“, – განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.