USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში რევოლუციების მოწყობას - ირაკლი კობახიძე

USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს აშშ-ის ხელისუფლება საუბრობს ოფიციალურად იმაზე, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა 2023 წლის გაზაფხულზე.

„რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2023 წლის გაზაფხულზე, შემდეგ უკვე შარშან გაზაფხულზე, იმაზე დღეს საუბრობს უკვე ოფიციალურად აშშ-ის ხელისუფლება. საუბარია იმაზე, რომ USAID-ის დაფინანსება არ ხმარდებოდა რეალურ მიზანს, ერთგვარ საქველმოქმედო მიზნებს, ეს ყველაფერი ხმარდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზეა კონკრეტულად საუბარი, რევოლუციების მოწყობას, არეულობის შემოტანას, ქვეყნის არევას და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი ჩაძიება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სამი თვით შეჩერდა USAID-ის დაფინანსება. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ასე დარჩეს. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ USAID-მა აღარასდროს სცადოს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, აღარასდროს სცადოს, მაგალითად, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, ასევე რევოლუციური პროცესების პირდაპირი მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სამთვიანი შეჩერების მექანიზმი ბოლომდე დარჩება ძალაში“, – განაცხადა პრემიერმა.

დღეს მმართველმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, საუბარია როგორც ამერიკული „ფარას“ ასლის დაინიცირებაზე, ასევე საკითხი ეხება მედიის შესახებ კანონმდებლობას, სადაც გაწერილი იქნება ობიექტურობის სტანდარტები, რაზეც ისაუბრა დღეს უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ეთიკური სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არსებითად ბრიტანულ მოდელზე იქნება დაფუძნებული.

„ასევე არის მთელი რიგი სხვა ინიციატივები, როგორიც არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული კანონპროექტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონპროექტი და ა.შ. ძალიან სწორად ითქვა დღევანდელ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერის მიერ, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში, ეს იყო თავსმოხვეული ხარვეზები და, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, რომ ეს თავსმოხვეული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის პაკეტი, რომელიც დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ჩვენ ვერავის, მით უმეტეს გარე ძალებს და უცხოელ აგენტებს, ვერ მივცემთ უფლებას, ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, ან დაკნინების უფლება.

„ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ სახელმწიფო არის სახელმწიფო და არავის უნდა მიეცეს სახელმწიფოს შეურაცხყოფის, დაკნინების უფლება და ა.შ. იგივე პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, იგივე სასამართლო მოსამართლე გამოხატავს სახელმწიფოს. როგორც კი ეს პრინციპი, სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელშეუხებლობის პრინციპი ირღვევა, მაშინვე იწყება ხოლმე სახელმწიფოს შერყევა, როგორც ასეთი. რასაც ვაკვირდებოდი, ამის მიზანმიმართული მცდელობა იყო მთელი ამ თვეების განმავლობაში, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. იმისთვის, რომ შეუქცევადი გახდეს ის პროცესი, რაც უკავშირდება სახელმწიფოს განმტკიცებას, ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის უზრუნველყოფა საკანონმდებლო ცვლილებებითაც და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც შედის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სახელმწიფო იქნება ხელშეუხებელი და ჩვენ ვერავის, მით უმეტეს, გარე ძალებსა და უცხოელ აგენტებს, ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელი აღმართონ ქართულ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე“, – აღნიშნა პრემიერმა.