პროევროპული აქციების მონაწილე ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომელიც პატიმრობაშია, შიმშილობა შეწყვიტა. როგორც მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.
„შეწყვიტა შიმშილობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულად ჰქონდა. დღეს ციხეში შევდივარ, რომ გავიგო, როგორ არის“, - ამბობს ადვოკატი.
პროევროპული აქციების მონაწილემ „არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობის“ გამოსახატად შიმშილობა 4 თებერვალს დაიწყო.
„არ ვიცი, რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან, მაგრამ შიმშილობით მაინც ვეცდები. ჩემი პასუხია „შეტევაზე - შეტევით“. არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს გავიმარჯვებთ, ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს“, - წერდა პატიმარი 4 თებერვალს გავრცელებულ წერილში.
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა 22 იანვარსაც დაიწყო. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიციამ დააკავა და წაყენებული ბრალის მიხედვით, ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჯავახიშვილმა შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 27 იანვარს შეწყვიტა. მისმა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მაშინ თქვა, რომ პატიმარმა 16 კგ დაკარგა.
20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს - პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან ორ დღეში. მას პიროტექნიკის სროლას ედავებიან. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, მის გარდა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 50-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ.