არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით - კობახიძე

არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ინტერესია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა პარტნიორების მხრიდან გაერთიანებულ საამიროებში.

„გრძელდება ვიზიტი, დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. აქაც საუბარი გვქონდა ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ განზომილებაზე. ასევე ხაზი გავუსვით მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. გვქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავუხადეთ ზოგადად, ბატონ ემირს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის. ჩვენი ამოცანაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასევე დღეს ვიყავით ჩასული აბუ-დაბი პორტში, სადაც გვქონდა საინტერესო შეხვედრა. გავეცანით პორტის მუშაობას. აქაც გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. აქაც გამოვთქვით სრული მზადყოფნა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.

ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კანონპროექტის დაინიცირებას, რომლითაც კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და ეს დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკელ პარტნიორებთან, ახალ ადმინისტრაციასთან.

„თქვენ ხედავთ, რომ პროცესები, რაც მანამდე იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს უკვე იმართება მეტწილად ევროპული დაფინანსებით. ამასაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. არ შეიძლება, ვინმემ ევროპული სტრუქტურებიდან მხარი დაუჭიროს, დააფინანსოს რევოლუციური პროცესები. ჩვენ ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ღრმად უნდა შევისწავლოთ, მათ შორის ევროპის დემოკრატიის ფონდის საქმიანობა, საიდანაც ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები, რადიკალიზმის გაღვივება, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. ყველამ უნდა სცეს პატივი, განსაკუთრებით ევროკავშირმა, ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არაფრის ფასი არ აქვს, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღემდე ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და ხუთივე იყო ერთმანეთზე არასერიოზული. კობახიძის განცხადებით, ეს არის მორიგი, მე-6 არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში.

„ამ პროექტს, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს ჩვენთვის აბსოლუტურად არაფრის, ჩალის ფასი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტიდემოკრატიული, თუმცა ხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის, რადიკალიზმის და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი, თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.