აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილებაა, დარჩეს ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით.
„აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. იცით, ასევე, რომ ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად. ამ სახელმწიფოებს არ ჰყავთ სუვერენული ხელისუფლებები და ისინი მოქმედებენ დაკვეთებით ზუსტად ისე, როგორც მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით, რაც გვაკავშირებს ესტონელ ხალხთან, დავრჩებით ამ ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.
სამართლებრივი შეფასების მიღმა ყველას შეგვიძლია, ძალიან მარტივად დავადგინოთ ის, რაც დევს ხელის გულზე – რა თქმა უნდა, კონკრეტული ადამიანები და ძალები პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეს სხვა არაფერია, თუ არა საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საბოტაჟთან დაკავშირებით პროკურატურის გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება საჭიროა, რათა მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს და ვერავინ გაბედოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლების შექმნა.
„სამართლებრივი შეფასება არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა, დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. ყველა მიმართულებით არის საჭირო სიფრთხილე და ყურადღება და სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება. გამოძიებასთან ერთად საჭიროა, დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სიხარულით, კმაყოფილებით საუბრობენ, რომ დეკემბერში გარკვეული ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეს რეალურად ასეა, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დეკემბერში იქნებოდა დაახლოებით 10%-მდე, თუმცა რეალურად იყო დაახლოებით 6,5%. რომ არ ყოფილიყო ღია საბოტაჟი, ჩვენ არ დავკარგავდით მილიონობით დოლარს ჩვენი ეკონომიკისა და შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტისთვის. გამოძიება საჭიროა, რათა მომავალში ასეთი საბოტაჟი არ განმეორდეს. ვერავინ უნდა გაბედოს ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის რაიმე დაბრკოლების შექმნა, ეს არის მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიცია არის გაღიზიანებული იმ განცხადებებით, რომლებსაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება ე.წ. ნარატივს, რომელსაც ისინი თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არ უკვირს ოპოზიციის დუმილი, რადგან მათ უჭირთ კითხვებზე პასუხების გაცემა.
„მათი გზავნილების მიხედვით არსებობდა იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მანკიერი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა გამოვლინდა, რომ იყო ძალიან მძიმე მიმდინარეობები დასავლეთის მხრიდან, რომლებიც უპირისპირდებოდა ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ხაზი გადაესვა მათ საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არანაირი მანკიერი ზრახვა არ შეიძლება ჰქონოდა საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათ უჭირთ პასუხების გაცემა კითხვებზე და მათი ეს დუმილი აბსოლუტურად არ მიკვირს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.