2025 წლის 15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ ლიდერს აირჩევენ. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო თანამდებობა დატოვა 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ.
კანდიდატების რეგისტრაცია ოფიციალურად 15 იანვარს დასრულდება, თუმცა ადგილობრივი მიმომხილველების მიხედვით, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ხუთ კანდიდატს შორის:
- ბადრა გუნბა, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი
- ადგურ არძინბა, დე ფაქტო ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი
- ოლეგ ბარციცი, აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში
- რობერტ არშბა, აფხაზეთის დე ფაქტო კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი
- ადგურ ხურხუმალი, კომერციულ ბანკ „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „აიდგილარას“ ხელმძღვანელმა, კან კვარჩიამ და სახალხო პარტიის ლიდერმა შამილ აძინბამ. კან კვარჩიას თქმით, მან გადაწყვეტილება მიიღო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. კვარჩია 2024 წლის 19 დეკემბერს პარლამენტის შენობაში დაჭრა კოლეგა-დეპუტატმა ადგურ ხარაზიამ.
დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია 6 იანვარს დაიწყო და ათ დღეში დასრულდება...