იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც ჩაითვლება ბიუროს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
"ქართული ოცნების" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა კანონპროექტის შემუშავების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ დღესდღეობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, უშუალოდ თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, ჩართულია საჯარო მმართველობის რეფორმაში, თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ძირითად უფლებამოსილებებს საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს. მისივე თქმით, ეტაპობრივად საჯარო სამსახურის ბიურო, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, განიცდიდა ცალკეული ფუნქციების ჩამორთმევას, მათ შორის, ჩამოერთვა თანამდებობის პირების დეკლარირების ფუნქცია, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს გადაეცა.
შეგახსენებთ, 1 აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო“.
2022 წლის 30 ნოემბერს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა და შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. სამსახურის უფროსი პრემიერ-მინისტრმა დანიშნა. ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია.