მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“ - ზურაბიშვილი აეროპორტის ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფრის გატარება არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, აეროპორტში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში საჩივარი შეიტანა.

„დღეს საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე. ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ. ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას და შემდგომ უკვე პოლიტიკოსების მიერ, „ოცნების“ მიერ გამართლებულ ძალადობას პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, თუ არ ცნობენ, ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. მე კი არა, ამ შემთხვევაში მე კი არ ვარ პიროვნება, მე ვარ იმის სიმბოლო, რასაც ებრძვის „ქართული ოცნება“ – ქართულ სახელმწიფოს, ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, რაც დიდი ხანია, დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში, რადგან იმ დროს, როცა მიმიღეს, როგორც მიმიღეს მიუნხენში, მანამდე ამერიკაში, თუ პარიზში, ეს მათი რეაქცია არის პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად წავა ეს ბოღმა. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა ხდება და რატომ ხდება, რომ ესენი ვერაფერს გადიან. ამას ვუხსნიდი უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან, რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია და ესენი ვერ მართავენ საქართველოს. აღარც იციან, რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ, ეს არის რაღაც რეპრესიული ზომების მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ სიტყვა ხელისუფლება არ მიყვარს ამათ შემთხვევაში, რადგან აღარ არიან ხელისუფლება. ეს არის რეჟიმი. რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი, ნუ მცნობთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ასე იქცევი. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის, მე არ ვიცი, რისი ნიშანია.

საზოგადოება ღელავს და გასაგებია, რომ ღელავს, რადგან რაღაც არის, რაც არავინ უნდა იკადროს, მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ. ამიტომ, ჯერ მადლობა მინდა, მოვახსენო საზოგადოებას გამოთქმული სოლიდარობისთვის, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, საიდანაც წამოვიდა ასევე დიდი მხარდაჭერა. ცხადია, ეს ყველაფერი ავნებს საქართველოს იმიჯს. ტურიზმზე რანაირად უნდა ვთქვათ რამე, როცა აეროპორტში უსაფრთხოება აღარ არის დაცული. არც გუშინწინ დილით, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, „ოცნების“ ყოფილ პრემიერს, არც მაშინ იყო პოლიცია, არც ამ დილით. ხომ იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო. ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. მე თუ ვიცოდი, ყველამ იცოდა. ამ ქვეყანაში პოლიცია და უსაფრთხოება თუ არსებობს, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო აეროპორტის ჰოლსა და გასასვლელში. იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებული უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში და ეს არის სახელმწიფო. სახელმწიფო არის, როცა დაცულია წესრიგი, დაცულია უსაფრთხოება ყველასთვის. თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისი პოლიტიკური ხედვის გამო არ მოგწონს. ეს არის სახელმწიფო და სახელმწიფოს გვიკარგავენ დღითიდღე.

ჩვენ ვდგავართ, ხალხი დგას და მე მათთან ერთად, თუნდაც მაშინ, როცა არ ვარ ქვეყანაში, მე მათთან ერთად ვდგავარ. არავინ იფიქროს, რომ ამის გამო მე არ წავალ და არ ჩამოვალ. სადაც საჭირო იქნება, იქ წავალ, იქიდან ჩამოვალ, რადგან ჩემი მოვალეობაა, რომ მე ვიყო ამ ხალხის ხმა და ამ ხალხის გამხმოვანებელი, რომ გაგრძელდეს ეს პროტესტი. როგორც ამბობს მთელი საზოგადოება, რომელიც დგას რუსთაველზე და არა მხოლოდ რუსთაველზე, ეს იქნება ბოლომდე, ბოლომდე მათთვის, ბოლომდე ჩემთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.