მოსკოვი ოკუპირებული ცხინვალისგან მოითხოვს მითვისებული პენსიების დაბრუნებას

რუსეთი მის მიერ ოკუპირებული და „დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული ცხინვალის რეგიონისგან(ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა) მოითხოვს გარდაცვლილი პენსიონერების ნათესავების მიერ მითვისებული საპენსიო თანხების დაბრუნებას.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, მთავრობამ სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა ოქმი, რომლის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „სამხრეთ ოსეთთან რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფის შეთანხმებაში“.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს და შესაბამისად, რუსულ პენსიასაც იღებენ. 2024 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქის საშუალო პენსია 23 405 რუბლი იყო.

რუსეთის მთავრობის მიერ დუმისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „სამხრეთ ოსეთის მხარემ“ უნდა დააბრუნოს საპენსიო თანხა და დანამატები, რომლებსაც პენსიონერების გარდაცვალების შემდეგ მათი ნათესავები იღებდნენ, რადგან შესაბამისი წესით, დროულად არ დაადასტურეს პენსიონერის გარდაცვალების ფაქტი.

რუსეთის მთავრობის მონაცემებით, 2016-2024 წლებში ამ თანხამ 37 762 810 რუბლი შეადგინა.

რუსეთი მოითხოვს ამ თანხის დაბრუნებას, „დამნაშავე პირებისგან რეგრესის წესით ამოღების შემდგომი შესაძლებლობით".

საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ სრულად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, სადაც რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, მთლიანად მოსკოვის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ეს დახმარება მნიშვნელოვნად შეამცირა.