„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად 50 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ ნათია თათიაშვილის მოთხოვნა.
პროკურორი მელიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა. არგუმენტად უთითებდა მელიას წინა სისხლის სამართლის საქმეს და გირაოს, რომლის პირობაც, პროკურორის აზრით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობით დაირღვა. მიმალვის საფრთხეზე საუბრისას კი პროკურორი განმარტავდა, რომ მიმალვა მხოლოდ ქვეყნის დატოვებას არ ნიშნავდა, მისი თქმით, უჭირდათ მელიასთან დაკავშირება საქართველოშიც.
ნიკა მელიას პოზიციით, მას დანაშაული არ ჩაუდენია. მისი თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ანტიკონსტიტუციურია, რადგან კომისიაში ოპოზიციონერი დეპუტატები არ არიან, რაც კანონით სავალდებულოა. შესაბამისად, მელია მიიჩნევს, რომ ანტიკონსტიტუციურ კომისიაში არმისვლით კანონი არ დაურღვევია. მელია პროკურორ ნათია თათიაშვილს და მოსამართლე ლელა მარიდაშვილს მოუწოდებდა, დაესახელებინათ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერი წევრები, თუმცა პროკურორმა უთხრა, რომ არ დაუსახელებდა, მოსამართლემ კი უპასუხა, რომ კომისიის ლეგიტიმურობის საკითხს არ იხილავდნენ და მხოლოდ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ესაუბრა.
ამ საკითხზეც მელიამ და მისმა ადვოკატმა განმარტეს, რომ ცხრაწლიანი პატიმრობის საფრთხის დროს არ მიმალულა მელია და ერთწლიანი პატიმრობის მუხლი მიმალვის საფუძველი არ გახდებოდა. მელიამ მოსამართლე სხვა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამოც გააკრიტიკა და უთხრა, რომ ნოემბერ-დეკემბერში სპეცრაზმელების მხრიდან ნაცემი აქციის მონაწილეებისთვის, რომლებსაც პროცესებზე ვიზუალურად დაზიანებები ეტყობოდათ, დაზიანებებზე შეკითხვებიც არ დაუსვამს და პატიმრობაში უშვებდა. მოსამართლემ ამ საკითხზე განმარტა, რომ მელიას შეეძლო მისი აცილების შუამდგომლობა დაეყენებინა.
მელიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 29 მაისს ჩაინიშნა.
სხდომა ხმაურით წარიმართა. პროკურორი მოსამართლეს მოუწოდებდა, დარბაზს რეპლიკებისგან თავი შეეკავებინა. მოსამართლემ ნიკა გვარამიას შენიშვნა მისცა და მიუთითა, რომ დამსწრეებს უფლება არ აქვთ პროცესში ჩაერთონ და შეკითხვები დასვან.