რა პირობებით ჩამოეწერებათ კლინიკებს COVID ჯარიმები? - დადგენილება

"ქართული ოცნების" მთავრობამ, კლინიკებისთვის COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების ნაწილობრივ ჩამოწერის შესახებ დადგენილება გამოსცა. საუბარია 2020-2023 წლებში დაკისრებულ ჯარიმებზე.

სამედიცინო დაწესებულებები ჯარიმის 75%-ისგან განთავისუფლდებიან, თუ დავალიანების 25%-ს დაფარავენ და საკითხთან დაკავშირებით არსებულ დავებს შეწყვეტენ.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, კლინიკა ჯარიმისგან ნაწილობრივ განთავისუფლდება, თუ 1 ივნისიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეში:

ა) აანაზღაურებს უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხის, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის 25%-ს ან მიმწოდებელი და განმახორციელებელი შეთანხმდებიან აღნიშნული ვალდებულების არაუმეტეს 12 თვის ვადაში განაწილვადებით შესრულების პირობებზე;

ბ) შეწყვეტს სახელმწიფო პროგრამების 22-ე მუხლის შესაბამისად საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნების, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრების საფუძველზე ან/და მათთან დაკავშირებით განმახორციელებელთან ან პროგრამის ადმინისტრირების ორგანოსთან მიმდინარე ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებას ან/და სასამართლო დავას.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის 1 მაისის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კლინიკების ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია. მან აღნიშნა, რომ შემუშავებული მოდელი, რომლითაც ჯარიმებისგან ნაწილობრივ განთავისუფლებას გულისხმობს, სამართლიანი შეთავაზებაა და იყო კონსულტაციები თავად სამედიცინო დაწესებულებებთან. მან ასევე აღნიშნა, რომ არის გარკვეული სამართლებრივი დავებიც, რადგან სექტორში ფიქრობენ, რომ თავად შემოწმებების პროცესში ხარვეზები იყო.