"რადიკალური ოპოზიცია სრულად მოშლილია, 3 000 კაცი შეკრიბეს რუსთაველის გამზირზე" - პრემიერი

არაერთმა საელჩომ გააკეთა, თავის დროზე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სამარცხვინო განცხადებები, შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის პრინციპების სრული დაცვით, თუმცა ამასთან დაკავშირებით ბოდიში არავის მოუხდია, მეტიც, კადრულობენ და იმავეს იმეორებენ 3 წლის თავზე ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, დიპლომატიური კორპუსის განცხადებებიდან ჩანს, რომ ყველაფერს მართავს „დიფ სთეითი“ და ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა.

 

„რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის განცხადებებს, იგივე ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ყველაფერს აცდენილია. აქედანაც ჩანს, რომ ყველაფერს მართავს „დიფ სთეითი“, არც საელჩო, არც რომელიმე ხელისუფლება, ყველაფერს მართავს „დიფ სთეითი“ და ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომელიც აშკარად ჩანს ევროპაში. გახსოვთ, თავის დროზე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებული განცხადებები. 3 წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მოქმედებდა სამართლის, ადამიანის უფლებების პრინციპების სრული დაცვით. თქვენ მოისმინეთ რომელიმე ელჩის, რომელიმე საელჩოს, ან რომელიმე ქვეყნის ბოდიში ამასთან დაკავშირებით? როდესაც ჩვენ გვიკრძალავდნენ სამართლის უზენაესობის პრინციპებით მოქმედებას. ეს იყო სამარცხვინო განცხადებები და არაერთმა საელჩომ გააკეთა, თავის დროზე, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სამარცხვინო განცხადებები. შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს განცხადებები იყო სამარცხვინო და არც ერთ სახელმწიფოს, არც ერთ საელჩოსა და ელჩს არ მოუხდია ამასთან დაკავშირებით ბოდიში. უფრო მეტიც, კადრულობენ და იმავეს იმეორებენ 3 წლის თავზე, რაც, ბუნებრივია, უნდა იყოს საზოგადოების შეფასების საგანი,“- განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის სრულად მოშლილი.

 

„ეს არის დღევანდელი რეალობა ოპოზიციაში. ამიტომ, როდესაც მათ საუბარი აქვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, სინამდვილეში თვითონაც არ უნდათ ეს არჩევნები, იმიტომ, რომ იციან, არიან აბსოლუტურად დაღუპული. უკვე საჯაროდ საუბრობენ ამასთან დაკავშირებით. არც კი აწყობთ. რასაც ითხოვდნენ, ის უკვე საერთოდ აღარ აწყობთ გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მეტად მძიმედ დამარცხდებიან, ვიდრე დამარცხდნენ გასული წლის ოქტომბერში. ეს არის ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, არავისთვის, მათ შორის, არც მათთვის, არც ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოში შედგება სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არჩევნები იქნება კიდევ უფრო მეტად სრულფასოვანი, თუ რადიკალური ოპოზიცია მასში არ მიიღებს მონაწილეობას“, -  განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე, რაც არის არასწორი მიდგომა და „დიფ სთეითის“ გავლენაზე მიუთითებს.

 

„ჩვენს სახელმწიფოში მოქმედებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ეს დაყოფა, რაც ხდება, არის არა მარტო ხელოვნური, არა მარტო არასამართლიანი, არის შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, ასე მოხდა ეს 26 ოქტომბერს, გასულ წელს, როდესაც 1 მლნ 120 ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს მოქმედებს. შეიძლება, ეს ვიღაცას მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ქართველი ხალხის არჩევანი ხელისუფლების შესახებ არის სწორედ ქართველი ხალხის საქმე. რაც შეეხება მილოცვებს, იგივე აშშ-იდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან მილოცვა გავრცელდა ადრესატის გარეშე. ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. საბაბი იყო ის, რომ ის არ იყო თბილისში, შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოშიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი მიდგომა. ვხედავთ, რომ იგივე აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა, რომ იგივე  სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირ დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა „დიფ სთეითს“ და ამას უკავშირდება ის აქტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არასწორი და აროგანტული დამოკიდებულებაა.

 

„გახსოვთ, რომ ენჯეოების საშუალებით საქართველოში ქმნიდნენ ვირტუალურ რეალობას იგივე ამერიკულ დახმარებასთან დაკავშირებით. მე მათემატიკური სიზუსტით დავდე ჩემს წერილში ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჩვენ ფინანსური თვალსაზრისით იმაზე მეტი შეღავათი გვაქვს მიცემული აშშ-თვის, ვგულისხმობ სამხედრო მისიებში ჩვენს მონაწილეობას, ვიდრე იქიდან გვაქვს მიღებული დახმარება. დახმარებაში, რა თქმა უნდა, არ ითვლება ენჯეოებისთვის ჩარიცხული თანხები. ტრამპის ადმინისტრაციამაც აღნიშნა, რომ ენჯეობისთვის გადახდილი თანხა არავითარი დახმარება არ იყო. ასევე, არავითარი დახმარება არ იყო ის თანხა, რომელიც ჩაირიცხა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად, 2008 წლის ომის შემდეგ. ამას თუ გამოვაკლებთ და ავიღებთ რეალურ დახმარებას, დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები იქნება ციფრები იმ შეღავათთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მივეცით ამერიკულ მხარეს მარტო ავღანეთსა და ერაყში ჩვენი მონაწილეობით. ამიტომ, აროგანტობას არ აქვს არანაირი საფუძველი. არ შეიძლება ასევე მუდმივად საუბარი იმაზე, რომ რომ არა ამერიკული მხარდაჭერა, საქართველო არ იარსებებდა. 3000 წელია, არსებობს ჩვენი ქვეყანა. 23 საუკუნეა, არსებობს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, აროგანტობას არ აქვს არანაირი საფუძველი. „დიფ სთეითი“ მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ „დიფ სთეითმა“  უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა და ბრძოლა მიმდინარეობს.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება, სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო. განცხადებაზეც, რომელიც გავრცელდა, აშკარად ჩანს, პირდაპირ იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა. ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, ვიტოვებ იმედს, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.  “, - განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, ისე მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაზე, ქარისა და მზის ენერგიის სადგურებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ხელისუფლების ამბიციური მიზნის განხორციელებას - 2030 წლისთვის საქართველო გახდეს თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით.

 

„მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში, რასაც ჩვენ მომავალში არ დავუშვებთ, ამ შემთხვევაშიც, სამართლის უზენაესობა იქნება ბოლომდე დაცული და ეროვნული ინტერესები იქნება ბოლომდე დაცული. არის რამდენიმე მსხვილი, ასევე არა მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც აუცილებლად განხორციელდება. სამ მსხვილ პროექტთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოებია დაწყებული, არის ძალიან დიდი რესურსი, იგივე „ნენსკრას“, „ხუდონის“, „ნამახვანის“ მიმართულებით და საჭიროა ინტენსიური მუშაობა, ამ პროექტების განსახორციელებლად. ასევე, მცირე და საშუალო ჰესების, თუ ქარისა და მზის ენერგიის სადგურების მშენებლობის მიმართულებით არის საჭირო სერიოზული მუშაობა. გვაქვს ამბიციური ამოცანა - გვინდა, 2030 წლისთვის 10 000 მეგავატს გადავაჭარბოთ, ამ პროექტების განხორციელების გარეშე კი, ეს მიზანი ვერ იქნება მიღწეული. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2030 წელს მოხმარებას გადააჭარბოს გამომუშავებამ, ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული, ეს სჭირდება საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია.