“ხალხი წყვეტს“- “ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ხალხი წყვეტს“-ამ ლოზუნგით “ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილებს ევროკავშირის და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ხალხი ირჩევს იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც უნდა, რომ ხელისუფლებაში იყოს.

"ჩვენ მოვედით იმ პარტიასთან, “ქართულ ოცნებასთან“, რომელიც გადაქცეულია კომუნისტური პარტიის შინაარსად. სახელმწიფოს მიტაცების ადგილია, სწორედ „ოცნების“ ოფისი. საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელს, სასამართლოებს, ყველა ძალოვან უწყებას სინამდვილეში ეს ერთი პარტია აკონტროლებს. ეს შენობა რეალურად პარლამენტის ალტერნატიული შენობაა და ესაა მნიშვნელოვანი. ეს პარტია არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ მყოფი. ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სახელმწიფოს მიტაცება ხდება, -განაცხადა აქციის მონაწილემ.

ამავე აქციაზე იმყოფებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც. 

აქციის მონაწილეები იმ ადამიანებს, რომლებიც “ოცნების“ ოფისს ტოვებენ, შეძახილებით აცილებენ.

დემონსტრანტების განცხადებით, პერიოდულად აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავენ, რადგან მათი მიზანია, “ქართული ოცნებისთვის” მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა.