შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას გელა გელაძე დაიკავებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა გელა გელაძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, გელა გელაძე გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტია და მას აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

პრემიერმა ახალ მინისტრს წარმატება უსურვა.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ბატონი გელა არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი, მას აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში, ის მუშაობდა პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ბატონი გელა იკავებდა ჯერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და დღემდე, ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. დღეიდან, ბატონი გელა უკვე შეასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატება ამ თანამდებობაზე და მის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება წინსვლა და განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაგრძელდება ზრუნვა თითოეული პოლიციელის ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაძლიერდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერის თქმით, გასული 4 წლის განმავლობაში ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში.

 

„დღეს ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისი თხოვნით მან მოგვმართა რამდენიმე დღის წინ. ჩვენთვის ეს იყო ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა, ყველა, მათ შორის მეც, გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი/ ის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი საქმე, დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად, მან მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, მოგვმართა შესაბამისი თხოვნით და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, თუმცა ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალპროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის ოთხი მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის განსაკუთრებული კაცი, მას მინდა ვუსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში. ის არის ჩვენი მეგობარი და წარმატებები მას ყველაფერში“, - განაცხადა პრემიერმა.