საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა, რომელიც საქართველოს თბილისის მშრალი პორტის გახსნასთან დაკავშირებით ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე − სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.
ხაზი გაესვა მშრალი პორტის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში, მათ შორის ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მშრალი პორტის პროექტთან ერთად, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საინვესტიციო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მხრიდან ინვესტორების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მიმართული იქნება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის.
„პარტნიორობის გაფართოება ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრისას მადლობა გადავუხადე სახელმწიფო მინისტრს არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს კერძო სექტორისადმი გამოხატული ინტერესისთვის, ასევე მშრალი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.
საქართველო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნისთვის, შესაბამისად, ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად და რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.