ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი სპეკულაციებს უწოდებს ცნობას ცენტრის გაუქმების შესახებ.
თუმცა დღეს, 4 ივნისს, გავრცელებულ განცხადებაში წულეისკირი თავადვე ადასტურებს, რომ ცენტრის ფუნქციებს სამომავლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. აქამდე ზემოხსენებული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებობდა.
„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.
შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას“, – წერს თამარა წულეისკირი.
შეგახსენებთ, დღეს Facebook-ზე გავრცელდა თანამშრომლისთვის თემო სუყაშვილისთვის გაგზავნილ წერილი, სადაც წერია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თორთლაძის 2025 წლის 29 მაისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დასაქმებულს აცნობებენ:
"2025 წლის 1 ივლისიდან, იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი თვით ადრე, გაფრთხილებთ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.