პარლამენტის ბიურომ 9 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების განახლებული შემადგენლობები. გადაწყვეტილების შესაბამისად, დაკომპლექტდა ყველა იმ ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის შექმნაც საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებით იყო განსაზღვრული.
გამონაკლისი მხოლოდ სამი ქვეყანაა – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, არც ერთმა დეპუტატმა არ გამოთქვა სურვილი აღნიშნულ ჯგუფებში ჩართვის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატების ასეთ პოზიციას ბალტიის ქვეყნების მხრიდან "არამეგობრული პოლიტიკით" ახსნა.
„იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტები ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას დაუბრუნდებიან. ეს შემდგომ საშუალებას მოგვცემს, რომ შესაბამისი მეგობრობის ჯგუფებიც დაკომპლექტდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯგუფების შექმნის შესახებ იყო მიღებული, თუმცა მათი დაკომპლექტება ვერ მოხერხდა:
„მანამ, სანამ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული პოლიტიკა ექნება, რთულია ველოდოთ, რომ მათი კოლეგები ქართულ პარლამენტში შესაბამის ჯგუფებში შესვლას ისურვებენ“, - აღნიშნა მან.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ამ ქვეყნების პარლამენტებს მოუწოდებს, გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას და მეგობრობის ფორმატს დაუბრუნდნენ.