საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულების მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობას.
უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
„ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათი, რომელიც მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული. კიდევ ერთხელ გავამახვილე ყურადღება მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობაზე და გამოვხატე მტკიცე რწმენა, რომ აღნიშნული შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ჩვენს საკანონმდებლო ჰარმონიზაციას საერთო წარმატების მისაღწევად,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.