"საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის ვართ აბსოლუტურად ღია" - პრემიერი

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის ვართ აბსოლუტურად ღია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით,  ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების კუთხით და ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.

 

„რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ბოლო პერიოდში იყო იმის მცდელობაც, რომ რამდენიმე  ორგანიზაცია დაფინანსებულიყო, ეს არის რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები. იგივე „ტაბულა“, იგივე „მომავლის აკადემია“, რომელიც არის ფრანკლინის კლუბის გაგრძელება. “, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, რომლითაც არავინ დაინტერესდა და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე.

 

„ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად  ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას,“- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, რომელიც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, ბორის-ჩელე ყურუას განცხადებას შეეხებოდა ოპოზიციის მიერ რევოლუციის მოწყობის წარუმატებელ მცდელობასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი აღიარება.

 

„კარგია, რომ ხშირად ვისმენთ აღიარებებს და ესეც არის მორიგი აღიარება იმისა, რომ ოპოზიცია, რეალურად, ჩართული იყო რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში. სხვა არაფერი იყო ის, რასაც ჩვენ ვხედავდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელიც ჩავარდა. სამწუხარო ის არის, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული გარე მხარდაჭერა ამ მცდელობაში, მაგრამ ამის მიუხედავად მათი მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს განვითარება.

ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ. ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა ხალხი მათ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ არავითარი საბაბი არ დატოვა  იმისათვის, რომ ვინმეს ესაუბრა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე.

„ყველა ხედავდა, რა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების დროს. საბაბიც კი არ დავტოვეთ არავითარი, იმისათვის, რომ ვინმეს ესაუბრა საპარლამენტო არჩევნების არათუ გაყალბებაზე, არამედ, რაიმე სერიოზულ დარღვევაზე. ყველა აღიარებს, რომ დაახლოებით 2 მლნ 200 ათასი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე. ხმის მიცემა ხდებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ღილაკზე თითის დაჭერით იბეჭდებოდა ოქმები. აქ სად შეიძლებოდა მომხდარიყო რაიმე მანიპულაცია? მინიშნების დონეზეც კი ვერაფერს ამბობენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა, წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და დღემდე არიან ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილები. თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგიმ გახარიამ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით.
 
„არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ თავის დროზე, გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით. მან საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც ძალოვანი უწყებები და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის არ იყო საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. 
საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში. ეს თავისთავად აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი, პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში, არც პრემიერ-მინისტრი, არც სუს-ის უფროსი, არც დაზვერვის ხელმძღვანელი, არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. არცერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც უცნაურს აკეთებდა, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან. რეალურად, ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. თქვენ იცით, რა შედეგები მოჰყვა ამას ჩვენი ქვეყნისთვის.  გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია. ეს არის განსახილველი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 


კითხვაზე, თუ რატომ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იყო ზარი Deep State-დან და ამას მოჰყვა მისი გაპრემიერება. 

„საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაგრძელდა და დასრულდა ისე, როგორც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა იყო გარკვეულ ეტაპზე საჭირო, თუმცა დღეს ჩვენ არავითარ ასეთ კომპრომისებს აღარ ვუშვებთ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან.

 

„ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხი არ ჰყვება ამ შანტაჟს, არ არის ეს სწორი, ქართველი ხალხის შანტაჟი არის აბსოლუტურად არასწორი ქმედება. ქართველ ხალხს ერთადერთი ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან - ეს არის უვიზო მიმოსვლა. ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს ასეთი თემებზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ისინი არჩევნების წინაც აშანტაჟებენ ქართველ ხალხს. თქვენ გახსოვთ, რომ ევროკავშირის ელჩიც გამოვიდა და დააშანტაჟა ქართველი ხალხი. მათ შორის, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მაქსიმალური აქტიურობით გასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ჩამოეშორებინათ არსებული ხელისუფლება. პირდაპირ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ. პირდაპირ, უხეშად ჩაერია ევროკავშირის ელჩი. ამ შანტაჟმაც არ გაჭრა, არაფერმა გაჭრა, მაინც აგრძელებენ, ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.

ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ფაქტი და მოცემულობა. 

„რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, ხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ნატო აცხადებს, რომ ისინი არც ახლო პერსპექტივაში და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მსჯელობენ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, რაც არის ფაქტი და მოცემულობა. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.