მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.

„ლელოს“ ოფისში, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ, სამართალდამცველები მივიდნენ და მათ ბრალის დადგენილება გააცნეს.

სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, „ლელოს“ ლიდერებს ჯერ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ თუ პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე მათ ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.