ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.
საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აპრილის დასაწყისში ამ თანამდებობაზე დანიშნული ირაკლი ბერაია, 16 ივნისს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გადაიყვანეს.
ფინანსთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.
უწყების ცნობით, მიხეილ მაღლაკელიძეს 2019 წლიდან დღემდე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
გასულ წლებში, მიხეილ მაღლაკელიძე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში - იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე.