საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში და მის თანმდევ კანონპროექტებში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელთა განხილვა პარლამენტმა მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით დაიწყო.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ეხება სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ფუნდამენტურ საკითხებს — მათ შორის, სასამართლო სხდომების გაშუქების წესს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას, მოსამართლეთა მივლინებებსა და სასამართლო აქტების საჯაროობას.
უწყება მიიჩნევს, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა ზღუდავს პროცესში დაინტერესებული მხარეების სრულფასოვან მონაწილეობას და აზიანებს საკანონმდებლო პროცესის ხარისხს.
"სამწუხაროდ, პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება.
ინიცირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს, რომლის თანახმადაც სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვისას ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებდნენ სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირები.
ყურადსაღებია, რომ ასეთი პრაქტიკა, მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა 2007 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს - არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით", - წერს ომბუდსმენი.