"ოპოზიცია ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია" - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით,  ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა.

 

„ყველას შეუძლია გადახედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო მკაცრი სანქციებია დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის. როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება. რეალურად, ისინი არიან ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა, მათ გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში. იმიტომ, რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ემსახურება სასმართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

„გახსოვთ, როგორი პროცესები წარიმართებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მათ შორის პირდაპირი უხეში ჩარევის ფაქტები. ძალიან კარგად გახსოვთ, როგორ დაიბარა მაგალითად აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ერთ-ერთი მოსამართლე, ბატონი ჩხიკვაძე და როგორ მოსთხოვა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ისიც გახსოვთ, რომ მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობა. თუმცა, ფაქტი დარჩა ფაქტად და არავის ამერიკის საელჩოდან ამ უხეში ჩარევისთვის სამწუხაროდ, პასუხი საზოგადოების წინაშე არ გაუცია. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება დამოუკიდებლობის განმტკიცება და რეალურად, კანონპროექტში ასახული ყველა ის ცვლილება, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ის წინააღმდეგობა, რაც არის რადიკალური ოპოზიციის შიგნით, არის მაჩვენებელი, რომ ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია.

 

„ის წინააღმდეგობა, რაც არის რადიკალური ოპოზიციის შიგნით, არის პირდაპირ იმის მაჩვენებელი, რომ ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია. საზოგადოება ხედავს, რამდენად დასუსტებულია ოპოზიცია. ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ისინი საკუთარმა პატრონებმა. ასეთ დროს წინააღმდეგობების ხარისხი იზრდება, ვერ ყალიბდებიან ხოლმე, რა უნდა მოიმოქმედონ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით. ჩვენთვის არის სულერთი, ასეც და ისეც ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდება. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის შეუფერხებელი განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე ოპოზიცია პირდაპირ დადიოდა დერეფნებში ევროპულ სტრუქტურებში და უპირისპირდებოდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა.

 

„ამის შემდეგ რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგ, პირდაპირ ხელს უშლიდა სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, არ იღებდა მონაწილეობას ამ ჯგუფების საქმიანობაში და ა.შ. ეს კამპანია გრძელდება, კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაზეც საზოგადოებამ უკვე გააკეთა საკუთარი შეფასება, როდესაც 2024 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მკაცრი პასუხი გასცა რადიკალურ ოპოზიციას.

 

საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამას აკეთებდნენ ისინი 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ამას აკეთებენ ისინი დღემდე. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი საფუძველი, ეს არის ის, რომ ისინი არიან აგენტები, ისინი ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან შესაბამის უცხოურ სუბიექტს, ეს არის აგენტის ხვედრი, როცა დაგავალებენ, პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.