ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ბიზნესებისთვის სანქციების შესახებ ახალი სახელმძღვანელო გამოაქვეყნა
რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას. კერძოდ, სახელმძღვანელო აღწერს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას სანქციებთან დაკავშირებით და მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ბიზნესებს დაეხმარება სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვასა და შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
საქმე ეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 2022 წელს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ცნობისთვის, ბრიტანეთს 2000-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი ჰყავს დასანქცირებული, ასევე შეზღუდვები აქვს დაწესებული რუსეთის მონაწილეობით ვაჭრობასა და ეკონომიკურ აქტივობებზე.
"სახელმძღვანელო გამოქვეყნებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ, რათა დაეხმაროს საქართველოში მოქმედ ბიზნესებს, იცოდნენ: საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში იმ შეზღუდვების შესახებ, რომლებიც ეხება დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული პირების ბიზნესის კეთებას; დიდი ბრიტანეთის და სხვა საერთაშორისო ბანკებისა და კომპანიების მიერ მიწოდებულ მომსახურებასა და საქონელზე წვდომის დაკარგვის რისკებს. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა საქმე გქონდეთ სანქცირებულ პირებთან ან რუსეთში სანქცირებული საქონლის ექსპორტთან", - აღნიშნულია სახელმძღვანელოში.
ამასთან, როგორც ქართული ბიზნესებისთვის გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოშია აღნიშნული, რუსეთი ყველაფერს აკეთებს სანქციების გვერდის ავლისთვის და აგრძელებს დასავლური სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სხვა საქონლის, მათ შორის საბრძოლო ტექნოლოგიების მესამე ქვეყნების მეშვეობით შეძენას. ამასთან, რუსეთი იყენებს არაპირდაპირი გადაზიდვის მარშრუტებს, მაგალითად, ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს მიხედვით, საქართველოს კონტექსტში, ეს შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგში:
"-საქართველოში მოქმედმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს შეკვეთა რუსი იმპორტიორისგან იმ საქონლის შესახებ, რომელიც ექვემდებარება დიდი ბრიტანეთის სანქციებს და ამიტომ მისი პირდაპირ დიდი ბრიტანეთიდან მიღება შეუძლებელია.
- ქართული კომპანია საქონელს უკვეთავს დიდი ბრიტანეთის მიმწოდებელს ისე, რომ მას ან სხვა მონაწილე მხარეებს (როგორიცაა ბანკები, დამზღვევები, გადამზიდავები) არ აცნობებს, რომ საქონლის საბოლოო მომხმარებელი რუსეთშია.
- დიდი ბრიტანეთის მიმწოდებელი საქონელს ექსპორტზე უშვებს ქართულ კომპანიისთვის, რომელიც თავის მხრივ შემდეგ საქონლის რეექსპორტს ახორციელებს რუსეთში.
ამ ტიპის პრაქტიკა და სხვა მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს სანქციების გვერდის ავლას. ამ რისკებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მიწოდების ჯაჭვის ყველა მხარეზე, მათი ჩართულობის ფორმისა და ზომის მიუხედავად".
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან იურიდიულად ვალდებულნი დაიცვან დიდი ბრიტანეთის სანქციები, არაბრიტანელები, რომლებიც ხელს უწყობენ დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლას, გარკვეული რისკების წინაშე დგანან, კერძოდ:
შესაძლოა, თქვენ დაგეკისროთ სანქციები - დიდ ბრიტანეთს შეუძლია დააწესოს სანქციები პირდაპირ თქვენზე, როგორც ფიზიკურ პირზე, ან იმ სუბიექტებზე, რომლებსაც თქვენ ფლობთ ან აკონტროლებთ, თუ თქვენ ჩართული ხართ საქმიანობაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთს მიერ უკრაინაზე თავდასხმას. ბრიტანულმა და ბევრმა საერთაშორისო ბიზნესმა შეიძლება უარი თქვას თქვენთან ნებისმიერი სახის ბიზნესის წარმოებაზე, ასევე თქვენს მფლობელობაში ან კონტროლში მყოფ ნებისმიერ სუბიექტთან. კერძოდ, მათ შეიძლება უარი თქვას თქვენთვის საქონლის მიწოდებაზე, თქვენგან საქონლის შეძენაზე, თქვენი აღჭურვილობის შეკეთებაზე ან მომსახურებაზე, ან თქვენთვის პროფესიული და ბიზნეს მომსახურების მიწოდებაზე.
დიდი ბრიტანეთის მომწოდებლების მიერ შეიძლება ჩაითვალოთ მაღალი რისკის მქონედ - ზოგიერთმა ბრიტანულმა კომპანიამ შეიძლება გამოიჩინოს ფრთხილი მიდგომა (ზოგჯერ მას „რისკის შემცირებას“ უწოდებენ) და უარი თქვას თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე იმ მოტივით, რომ, მაგალითად: სანქცირებული პირი ფლობს უმცირესობის წილს თქვენს კომპანიაში; თქვენ გაქვთ კავშირები სანქცირებულ პირებთან და ა.შ.
"შედეგად, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბევრი უარს იტყვის თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე, თუ ვერ შეძლებთ დაამტკიცოთ, რომ დანერგეთ ეფექტური ზომები, რათა თავიდან აიცილოთ მათგან მიღებული ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების რუსეთში ან რუსეთთან დაკავშირებული პირისთვის გაგზავნა. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც თქვენ მიერ პირდაპირ, ასევე თქვენი მიწოდების ჯაჭვის სხვა პირების მიერ ირიბად გაგზავნას", - წერია სახელმძღვანელოში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესაძლებელია, ზოგიერთმა არაბრიტანულმა ბიზნესმაც თქვას უარი ქართულ ბიზნესთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე, თუ ქართული ბიზნესი ვერ შეძლებს დაამტკიცოს, რომ გაითვალისწინა დიდი ბრიტანეთის სანქციები. ეს განსაკუთრებით ეხება ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა ბანკები, რომლებმაც შეიძლება უარი თქვან ტრანზაქციების დამუშავებაზე, რომლებიც ბრიტანეთის სანქციების დარღვევის ან ხელყოფის რისკს აჩენს.
სახელმძღვანელოში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს გარკვეული რეგულაციები შემუშავებული, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით. დოკუმენტში აღწერილია ის რეკომენდაციებიც, რასაც ბრიტანეთის მთავრობა ქართულ ბიზნესებს აძლევს იმისათვის, რომ მათ თავიდან აირიდონ რუსეთისთვის დაწესებული ბრიტანეთის სანქციების დარღვევა.