ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე - 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის პოზიცია არის ქვეყნის შემდგომი განვითარების განმსაზღვრელი და ვინც ამას ვერ შეეგუება, სწორედ, ქართველ ხალხთან ბრძოლაში დამარცხდება.
„რაც მოხდა, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რეალურად, ვერც ამბობდნენ, როგორ გაყალბდა არჩევნები, ხომ ამტკიცებდნენ არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ კითხვაზე - როგორ გაყალბდა, პასუხი არ აქვთ. რომ ამოიბეჭდა ღილაკზე თითის მიჭერით კონკრეტული ოქმები, იქ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო? - რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. არჩევნების დღემდე უპრეცედენტოდ მშვიდი და სამართლიანი იყო საარჩევნო გარემო. არჩევნების დღეს, ყველამ აღიარა, რომ 2 მლნ-ზე ბევრად მეტი ამომრჩეველი მივიდა უბნებზე, მათ მისცეს ხმა, ღილაკზე თითის დაჭერით ამოიბეჭდა ოქმები და დადგა ის შედეგი, რომელიც არ ესიამოვნა კონკრეტულ უცხოურ ძალებსა და შიდა რადიკალურ ოპოზიციას. სინამდვილეში, მთელი ამ ყალბი დელეგიტიმაციის კამპანიის მთავარი მიზეზი ხომ ეს იყო, ვიღაცას არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ვიღაცა ვერ შეეგუა ამ შედეგს და ვიღაცამ პატივი არ სცა ქართველი ხალხის ნებას.
საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე - 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ამის გამო ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ, როდესაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ეს პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, რა თქმა უნდა, ის დამარცხდება ქართველ ხალხთან ბრძოლაში,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ეუთოს საპარლამენტოა სამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უცხოელი ბიუროკრატების შეფასებების მიუხედავად, მთავარია, თუ რა ხდება ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება.
„ჩვენ მიჩვეული ვართ მოვლენების მსგავსი სახით განვითარებას, არის ხოლმე პოლემიკა, დებატები, სხვადასხვა მოსაზრებები, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. ჩვენთვის მთავარია, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. სწორედ ქართული საზოგადოების რეაქციაა პირველ რიგში მთავარი. დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული. მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ გაინადგურა თავი, არის ის, რომ მან დაკარგა ის მხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან. ეს არის რეალურად მთავარი შეფასება, რასაც აკეთებს საზოგადოება. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს, მათ შეიძლება ჰქონდეთ ან ასეთი ან ისეთი შეფასება, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის, თუ რა რეალობაა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა. ვიღაცებს სურდათ, რომ ამ დემოკრატიული სისტემისთვის შეექმნათ უხეში წინააღმდეგობა, თუმცა სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველა გამოწვევას უპასუხა. იყო გარედან მართული პროცესები, რევოლუციის ოთხი მცდელობა იყო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი იყო გარედან მართული, თუმცა საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ დაიცვა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ქვეყნის შიგნით ქართველი ხალხის ნებას ვერ ეგუება შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი პოზიციები არავისთვის არის საინტერესო.
„ქვეყნის შიგნით ვინ ვერ ეგუება ქართველი ხალხის ნებას, ეს ცხადი და გასაგებია. ეს არის შიდა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა მათი პოზიციები საერთოდ არავისთვის არის საინტერესო. ისინი არიან ჩვეულებრივი ხელის ბიჭები, გარედან მართული ადამიანები. რაც შეეხება გარე სუბიექტებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ნებას, მშვიდობის და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ. ასევე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციაში მრავლად იყვნენ ბიუროკრატები, რომლებიც ასევე ვერ ეგუებოდნენ ქართველი ხალხის ნებას. იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მიმართულებით იქნება გარკვეული ცვლილებები, ჩვენ მოთმინებით ველოდებით ამ ყველაფერს, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, აქ მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არ ჩანს, ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში და იმედია, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება ევროპის მიმართულებითაც. ქართველმა ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება. წინასწარ ჰქონდათ გამოხატული ნება ევროპელ ჩინოვნიკებს, კონკრეტულ ადამიანებს. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოდიოდა და მოუწოდებდა ამომრჩეველს მობილიზებისკენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ის არჩევნების შემდეგ ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ყველაფერი ვითარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, განათლება, კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით არის პროგრესი.
„საით მიდის საქართველო - მე ამაზე ვისაუბრე ვრცლად ჩემს გამოსვლაში პარლამენტში, როდესაც არა მხოლოდ პარლამენტს, პირველ რიგში საზოგადოებას ჩავაბარე ანგარიში გასულ წელს ქვეყნის მიღწევებთან დაკავშირებით. გვაქვს ყველა მიმართულება მოცემული, სადაც არის ძალიან მასშტაბური პროგრესი. ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი დემოკრატიული სისტემა და ამ დემოკრატიულმა სისტემამ შეინარჩუნა სიმტკიცე გასულ წელსაც და ინარჩუნებს წელსაც, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ეკონომიკური განვითარება პირდაპირ აისახება სოციალური განვითარებაზე, მათ შორის კეთილდღეობის დონის თანდათანობით ამაღლებაზე, სიღარიბის შემცირებაზე და ა.შ.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც ჩვენ ვმუშაობთ მუდმივ რეჟიმში და იცით, რომ მუდმივად ვაფართოებთ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის უშუალო სამეზობლოსთან, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, არაბული ქვეყნები, შუა აზიის ქვეყნები, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასე ვცდილობთ, მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებას და ამას წარმატებით ვახერხებთ ჩვენს მთავარ პარტნიორთან ევროკავშირის სივცრეში, ეს არის უნგრეთი. სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც გამოხატავენ მეტ-ნაკლებად კეთილგანწყობას ქართველი ხალხის მიმართ, ყველასთან მაქსიმალურად ვცდილობთ ურთიერთობების განვითარებას. ასევე იცით, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა აშშ-სთან მიმართებით. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ - განათლება, კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი და ასევე გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. ასევე კონკრეტულ მიმართულებებს შევეხე ჩემს ანგარიშში, როგორიც არის მაგალითად კორუფციასთან ბრძოლა, მეტი გამჭვირვალობა და ა.შ. ყველა მიმართულებით ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, საჭიროა გარკვეული პირობების დაკმაყოფილება და ეს პირობები, მათ შორის უკავშირდება დემოკრატიულ სისტემას.
„ჩვენ გვაქვს მტკიცე დემოკრატიული სისტემა, რომელიც არ ჩმოუვარდება ევროპულ სისტემებს. თუ გადახედავთ, როგორია განვითარების ტენდენციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ ნაწილში, თვალნათლივ ჩანს, რომ დემოკრატიის, მედიაპლურალიზმის, მედიის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების ხარისხი, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის ხარისხი და ა.შ ყველა მიმართლებით გვაქვს უპირატესობაც კი, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან, შეიძლება უმრავლესობასთანაც კი. რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. ჩვენ დღესაც ვართ მზად იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და 2030 წლისთვისაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ კუთხით ყველა პარამეტრი იყოს დაკმაყოფილებული. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ვართ პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში. საბოლოო ჯამში, როცა მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, მთავარი პარამეტრი მაინც იქნება ეკონომიკის განვითარების დონე. აქ პირველ ადგილზე ვართ ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, 2030 წლისთვის ეკონომიკური კუთხითაც ყველაზე მეტად ვიქნებით მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეკონომიკურ ზრდას მოაქვს კეთლდღეობის შედარებით მაღალი ხარისხი და სოციალური საკითხებიც არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და აქაც ვიქნებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირშ გასაწევრიანებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული მხარის განაცხადი ამ მიმართულებით დაფუძნებულია კონკრეტულ არგუმენტებზე და ტენდენციებზე, რომლებიც ჩამოყალიბებულია ქვეყანაში, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომაზე.
„დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომა არის აბსოლუტურად უსამართლო. თუ ეს უსამართლო მიდგომა შეიცვლება სამართლიანი მიდგომით, ამ შემთხვევაში ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში 2030 წლისთვის ვერაფერი დაუდგება წინ. ვნახოთ, როგორი იქნება ევროპული ბიუროკრატიის, ჩინოვნიკების დამოკიდებულება. ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციაზე არანაირად არ მოქმედებს ის, თუ რომელი პარტიები მიიღებენ მასში მონაწილეობას.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ითვლება კლასიკურ პოლიტიკურ არჩევნებად, შესაბამისად, ლეგიტიმაციის საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენთვის სულერთია, ასეც და ისეც, ჩვენ ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, მნიშვნელობა არ აქვს კონფიგურაციას. ოთხივე პარტია მიიღებს მონაწილეობას, ორი, სამი,ერთი, თუ არც ერთი არ მიიღებს, ასეც და ისეც ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.
ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი საპარლამენტო არჩევნების რეიტინგთან შედარებითაც კი, რასაც სოციოლოგიური კვლევები გვიჩვენებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ასეც და ისეც მოვიგებთ არჩევნებს, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის საინტერესო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ საკითხზე განსაკუთრებული ღრმა ანალიზის გაკეთება საერთოდ არ ღირს.
„მას აქვს თავისი გზა, ეს არის ქვეყნიდან წასვლის გზა, თუ არჩევნებში მონაწილეობის გზა, ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის ყველა აბსოლუტურად ერთია - გახარია, ხაზარაძე, გვარამია, ნაცმოძრაბა, ყველა აბსოლუტურად ერთია. ყველა იმართება ერთი ხელიდან და ყველა არის უცხოელი აგენტი. დანარჩენი არის ელემენტარული ტაქტიკური თემები, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული საკითხი ის, რომ ეს აგენტურა ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, გაიმარჯვა დამოუკიდებელმა, სუვერენულმა ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში და სწორედ ამ პრინციპებით გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება - დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.