გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნისა და ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის საჭიროება აქვთ, ცესკო-სთვის მიმართვა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ.

დღეს იწურება, ასევე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების განაცხადების მიღებაც, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაბამისი ოლქის საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, როცა ის მაღალმთიან რეგიონშია, ან ძნელად მისადგომ, რთული რელიეფის ტერიტორიაზე იმყოფება.

იოსელიანმა განმარტა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამომრჩეველი, როცა ის გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას ითხოვს:

„მათ ჯანმრთელობის ცნობის, ან რამე მსგავსის წარდგენა არ მოეთხოვებათ, უბრალოდ, მითითებული იქნება ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, სატელეფონო შეტყობინების დრო, თუ ეს სატელეფონო შეტყობინებაა, ასევე ინფორმაცია, თუ სად ითხოვს ამომრჩეველი გადასატანი ყუთით მომსახურებას. შესაძლებელია, პირი უბნის ტერიტორიაზე, სხვა მისამართზე ითხოვდეს გადასატანი ყუთის მიტანას. ასეთ ამომრჩეველს უბნის არეალში განსხვავებულ მისამართზე შეუძლია იმყოფებოდეს. მაგალითად, ერთ სადარბაზოში ცხოვრობდეს პირი, მაგრამ მეორე სადარბაზოში იყოს შვილთან, ეს უბნის საზღვრებს არ უნდა იყოს გაცილებული. თუკი, პირი მაგალითად, ისანშია რეგისტრირებული, ის გადასატან საარჩევნო ყუთს ვაკეში, ან საბურთალოს ოლქში ვერ მოითხოვს. რა მისამართზეც მოითხოვს ამომრჩეველი გადასატან საარჩევნო ყუთს, იმ მისამართზე უნდა დაელოდოს, გადასატანი საარჩევნო ყუთი დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე უბნის არეალში, მისამართების მიხედვით მოძრაობს და ბუნებრივია, ერთბაშად ყველასთან ვერ მივა დილის საათებში, რადგან მათ მოძრაობის გრაფიკი, მარშრუტი აქვთ გაკეთებული. ამომრჩევლები ვალდებული არიან, კონკრეტულ მისამართზე იყვნენ და დაელოდონ. ხშირად შემოდის ზარები, გადასატანი ყუთის სიაში ვარ და ჯერ არ მოსულან, რა ხდებაო.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის მომენტიც, რომ ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს გადასატანი სარჩევნო ყუთის მოთხოვნა. მაგალითად, თუ საარჩევნო უბანი 3000 ამომრჩევლიანია, აღნიშნულის 3%-ს თუ აღემატება ამომრჩევლების მომართვიანობა, ამ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ოლქს აწვდის ინფორმაციას და საოლქო საარჩევნო კომისია მსჯელობს ასეთი ტიპის ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეტანაზე...

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს უფლება აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ოლქის საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მათ თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, დღეს, ასევე 18:00 საათზე იწურება მომართვიანობის ვადა“, - განაცხადა იოსელიანმა.