არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს - ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

ცესკოს ინფორმაციით, წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მომართა.

სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910 ია.

საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.

არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 29 277 -ჯერ.

მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე”, – აღნიშნავენ ცესკოში.