„ვის სახელს არქმევენ თბილისის ქუჩებს“ - მიხეილ ბუხაიძის კოლორიტული ქუჩა ჩუღურეთში

თბილისში ჩუღურეთის რაიონში, მიხეილ ბუხაიძის ქუჩა მაქსიმ გორკის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩამდე მიუყვება აღმართს და თან ულამაზეს ხედებს შლის ქალაქზე. ის წარმოიქმნა XIX საუკუნის 70-იან წლებში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ჩუღურეთის ქუჩა, 1934 წლის გეგმაზე — როგორც არსენალის გზატკეცილი. მიხეილ ბუხაიძის სახელი ეწოდა 1965 წელს. აქვს 1 შესახვევი. (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც არსენალის შესახვევი, შემდეგ ჩუღურეთის I შესახვევი ერქვა). 

ვინ იყო მიხეილ ბუხაიძე

მიხეილ ისიდორეს ძე ბუხაიძე დაიბადა სოფელი ჭოგნარში, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 1905 წელს. იგი იყო  ქართველი სამხედრო პირი, საბჭოთა არმიის კაპიტანი.
II მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 392-ე ქართულ მსროლელ დივიზიაში, მეთაურობდა ბატალიონს კავკასიისათვის ბრძოლაში. 1942 წლის აგვისტოში სასიკვდილოდ დაიჭრა სოფ. პრავოურვანსკის მიდამოებში (მაისკის რაიონი, ყაბარდო-ბალყარეთი) გერმანიის ჯარების წინააღმდეგ თავისი ბატალიონის კონტრიერიშის ხელმძღვანელობისას.
პოეტმა ირაკლი აბაშიძემ მას მიუძღვნა ცნობილი ლექსი "კაპიტანი ბუხაიძე", რომლის საფუძველზეც შეიქმნა სიმღერა (კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი).
მე, ქართველი ბუხაიძე,

ბალყარეთის მთებში ვწევარ,

რომ შემეძლოს საფლავიდან,

ძმებო, მხრების წამოწევა,

მე სიცოცხლეს ხელმეორედ

შევწირავდი იმავ მხარეს,

შევწირავდი იმავ მიწას,

დღეს რომ გულზე დამაყარეს.