სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე ახალჩამოსხმული თითბრის ჯვარი აღიმართა.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის (მახარაძე) მიერ ჯვრის კურთხევასა და არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ მის აღმართვას ესწრებოდნენ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ბრინჯაოს მხატვრული ჩამომსხმელები – ოლეგ გელაშვილი და პაატა გელაშვილი.
ჯვრის დამზადება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, აღნიშნულ პროცესს კი წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით გაკეთდა მაკეტი, რომლის საფუძველზეც დამზადდა ყალიბი, რომელშიც ჩამოისხა თითბრის ჯვარი. ჯვრის ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით.
უახლოეს დღეებში იგეგმება გუმბათის ქვედა ნაწილებში დამტვრეული ლორფინების აღდგენა, რის შემდეგაც მოეწყობა სპილენძის საბურველი.
მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 25 ივნისს მომხდარმა ძლიერმა სტიქიამ ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი დააზიანა, კერძოდ სტიქიამ საფარი გადახადა ტაძრის გუმბათს. ასევე, ჩრდილოეთ კალთის სხვადასხვა ადგილას დაიმტვრა ლორფინის ქვები და დანარჩენ ადგილებში დაზიანდა კრამიტის სახურავი, ჩაიმსხვრა ტაძრის დასავლეთ მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანდა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ასევე, ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიასთან შეთანხმებით, სააგენტოს მიერ უმოკლეს ვადაში მოეწყო როგორც ტაძარზე (გუმბათის ჩათვლით), ასევე საეპისკოპოსო სახლის მთელ პერიმეტრზე ხარაჩო, რათა სპეციალისტებს შესძლებოდათ სრულფასოვნად მუშაობა, რისთვისაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ალავერდში 4 500 კვ.მ ხარაჩოს მასალა გაგზავნა.
აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში დასრულდა საეპისკოპოსო სახლსა და ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) კრამიტის საბურვლის მოწყობა. ასევე, დასრულდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალ სიძველეთა საცავის სახურავზე დაზიანებული კრამიტის საბურვლის შეცვლა. მოხდა ტაძრის მკლავებისა და ნავების სახურავებზე დაზიანებული ლორფინების აღდგენა და მცენარეული საფარისგან გაწმენდა. კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე მოეწყო სპილენძის ბურული, ხოლო 10 სექტემბერს მასზე აღიმართა ახალჩამოსხმული ჯვარი.