"ჩვენი მოთხოვნაა, ბანკის პროცენტები გაიყინოს" - მაღაროელებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები გრძელდება

მას შემდეგ, რაც "ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშაობა დროებით შეაჩერა, შპს "მაღაროელის" თანამშრომლები კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

როგორც მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ BM.GE-ს განუცხადა, თანამშრომლების ერთადერთი მოთხოვნა აპრილამდე, ვიდრე ჭიათურასა და ზესტაფონში სამუშაო პროცესები განახლდება, ბანკის სესხებზე პროცენტების დაპაუზება და ამ საკითხში კომპანიის მხრიდან შუამდგომლობის გაწევაა.

"გადაწყვეტილება, რომ შეგვინარჩუნდებოდა ხელფასის 60% და სადაზღვევო პაკეტი, არ იყო საკმარისი. ყველაზე დიდი პრობლემა საბანკო ვალდებულებებია. კომპანიას ამ დილით მივმართეთ ოფიციალურად და მოვუწოდეთ, რომ, სანამ პროფკავშირებსა და კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები არ დასრულდება და მათგან საბოლოო პასუხი არ გვექნება, რამე შეთავაზებაზე ხელი არ მოეწერინებინათ თანამშრომლებისთვის.

ჩვენი მკაფიო მოთხოვნა და საერთო აზრია, რომ ბანკების პროცენტები უნდა გაიყინოს. ყველა თანხმდება, რომ ხელფასის 100%-ის შენარჩუნებაზე ბრძოლა არარეალისტური იქნებოდა, ბანკების პროცენტების გაყინვა და გადახდის სამუშაო პროცესის აღდგენის შემდეგ გაგრძელება კი ყველაზე მინიმალურია, რაც ახლა გვჭირდება", - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.

მიქაცაძე განმარტავს, რომ პროფკავშირებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები გუშინ დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის დასრულებული არ არის და არც იციან, როდის ელოდონ შედეგებს. ტარიელ მიქაცაძე ასევე აღნიშნავს, რომ მანამ, ვიდრე მოლაპარაკებების ეს პროცესი არ დასრულდება, შპს "მაღაროელები" განცხადების გავრცელებას არ გეგმავს და არც მთავრობასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ: "ვართ მოლოდინის რეჟიმში, შეხვედრის შედეგების შესაბამისად გავაკეთებთ განცხადებებს".

კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაროელების ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის მაღაროში მუშაობა 2025 წლის აპრილამდე წყდება, გასულ კვირას გავრცელდა. ორივე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი "ჯორჯიან მანგანეზია". ამასთან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 1800 ადამიანი მუშაობს, ხოლო ჭიათურის მაღაროში - 3600-მდე.

წყარო: BM.GE