უდაბნოს მტვრის გამო თბილისსა და რუსთავში დაბინძურებული ჰაერია

21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისში და რუსთავშია.

კერძოდ ქალაქ თბილისში აღმაშენებლის გამზირზე  101.41PM10 მკგ/მ3-ია აღნიშნული მაჩვენებელი 100-დან ზემოთ უკვე ძალიან ცუდ ხარისხად ითვლება, 50-დან ზემოთ კი ცუდად,   57.55 PM2.5 მკგ/მ3,  ამ შემთხვევაში კი   უკვე ძალიან ცუდ ხარისხად 50-ზე ზემოთ მაჩვენებელი  ითვლება.

ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირზე #35ა მაჩვენებლები  77.95PM10 მკგ/მ3-ია 50.74PM2.5 მკგ/მ3-ია. ბათუმის ქუჩაზე მაჩვენებლები  102.82 PM10 მკგ/მ3-ია 69.18PM2.5 მკგ/მ3-ია.

PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 10 მკ-ზე)და PM2. 5 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები < 2.5 მკ-ზე).

აღნიშნულ მცირე ნაწილაკებს რამდენიმე წყარო აქვს ესაა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანმრთელობაზე ზეგავლენას, აღნიშნულმა ნაწილაკებმა სასუნთქი სისტემისა და თვალების გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს.