რიკოთზე მოძრაობა აღდგენილია

მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ150 (სურამის კვანძი-სოფელი ხევი) მონაკვეთზე როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზა იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი.

„კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საავტომობილო გზა იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობები რჩება რთული, რის გამოც ვთხოვთ მძღოლებს, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი- გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1–კმ535 (ვაზიანი-ვერონა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.