ახალი წელი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ნებისმიერი ადამიანი მომდევნო წლის შემობრძანებას განსხვავებული იმედებით, მიზნებითა და სურვილებით ეგებება. თითოეული ქვეყანა სადღესასწაულო დღეებს საკუთარი ტრადიცებისა და ზეიმის ფონზე აღნიშნავს. ქართველებისათვის ეს დღეები დიდი ოჯახური შეკრების, სუფრისა და გართობის მიზეზია, რომელიც ალკოჰოლური სასმელების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. სადღესასწაულო დროის გატარების შემდეგ, გარდაუვალია ნაბახუსევი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. "ჰოტ-ნიუსი" გთავაზობთ ნაბახუსევიდან გამოსვლის ყველაზე მარტივ ხერხებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ახალი წლის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად.
ნაბახუსევის ნიშნები, ჩვეულებრივ, მაშინ იჩენს თავს, როდესაც სისხლში ალკოჰოლის დონე მკვეთრად ეცემა. პიკი უმეტესად თრობის მეორე დილითაა. წინა ღამით მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის კვალობაზე, მოსალოდნელია:
- სისუსტე, გადაღლილობის შეგრძნება;
- პირის სიმშრალე და ძლიერი წყურვილი;
- თავისა და კუნთების ტკივილი;
- გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი;
- ცუდი ძილი;
- ხმაურსა და სინათლეზე მგრძნობელობის მომატება;
- თავბრუ და ოთახის ტრიალის შეგრძნება;
- კანკალი;
- გულისცემის გახშირება;
- კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
- დეპრესიული განწყობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა.
რა იწვევს
ნაბახუსევის მიზეზი ჭარბი ალკოჰოლია, თუმცა “ჭარბი” პირობითი ცნებაა, რადგან ზოგისთვის ეს შეიძლება ერთი ჭიქა იყოს, ზოგისთვის კი – რამდენიმე ლიტრი. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ნაბახუსევი საერთოდ არ განვითარდეს.
ნაბახუსევის განვითარების მექანიზმი რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება:
- ალკოჰოლი ასტიმულირებს შარდის წარმოქმნას, ჭარბი შარდვა კი იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას), რაც გამოიხატება ძლიერი წყურვილით, თავბრუსხვევით, გაბრუებით.
- ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს კუჭის მჟავების დიდი რაოდენობით გამოყოფას და აფერხებს კუჭის დაცლას. ამ ფაქტორებიდან ნებისმიერს შეუძლია გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება.
- ალკოჰოლს შეუძლია, გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის სწრაფი ვარდნა, რაც გამოვლინდება დაღლილობის შეგრძნებით, სისუსტით, კანკალით, უგუნებობით და გონების დაკარგვითაც კი.
- ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს, რაც თავის ტკივილს იწვევს.
- ალკოჰოლი ძილს ჰგვრის, თუმცა ხელს უშლის ძილის ღრმა ფაზაში გადასვლას. ადამიანი სათანადოდ ვერ ისვენებს და ახალგაღვიძებულსაც კი დაქანცულობის და სისუსტის შეგრძნება აქვს.
პრევენცია
არსებობს მედიკამენტური საშუალებები, რომლებსაც ნაბახუსევის თავიდან აცილების უნარს მიაწერენ. ასეთებია ასპირინი, იბუპროფენი. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მათ მართლად შეუძლიათ, უსიამოვნო სიმპტომების პრევენცია. მაგრამ ერთადერთი 100 პროცენტით საიმედო გზა ამ მდგომარების თავიდან ასაცილებლად, ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებაა. თუ მაინც მიიღებთ, მიიღეთ ზომიერად.
ზომიერება ნიშნავს, რომ 65 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მამაკაცს შეუძლია მიიღოს დღეში არა უმეტეს 2 ჭიქა ალკოჰოლისა, ხოლო ნებისმიერი ასაკის ქალს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცს – არა უმეტეს ერთისა. თუმცა სხვადასხვა სახის ალკოჰოლიანი სასმლისთვის განკუთვნილი სტანდარტული ჭიქების მოცულობა სხვადასხვანაირია. მაგალითად, ღვინის სტანდარტული ჭიქის მოცულობა 150 მლ-ია, ლუდის ჭიქისა – 350 მლ, ხოლო დისტილირებული (გამოხდილი) სპირტიანი სასმელების (ჯინი, არაყი, ტეკილა, რომი, ვისკი) ჭიქისა – 45 მლ.
რაც უფრო ნაკლებ ალკოჰოლს მიიღებთ, მით უფრო მცირე იქნება ნაბახუსევის განვითარების ალბათობაც. მის თავიდან აცილებაში კი ასევე შეიძლება დაგვეხმაროს:
- ჭამეთ დალევამდე და სმის დროს – როგორც უკვე აღვნიშეთ, ალკოჰოლი უფრო ადვილად და სწრაფად შეიწოვება ცარიელ კუჭზე.
- ფრთხილად შეარჩიეთ სასმელი – რაც უფრო ნაკლებია მასში კონგენერების შემცველობა, ნაბახუსევის ალბათობაც მით უფრო მცირეა, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ მისი გამოწვევა ნებისმიერი სახის ალკოჰოლურ სასმელს შეუძლია.
- შუალედებში სვით წყალი. კარგი იქნება, თუ ყოველ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს თითო ჭიქა წყალს დააყოლებთ – ეს ორგანიზმის დეჰიდრატაციასაც აგაცილებთ თავიდან და მიღებული ალკოჰოლის რაოდენობასაც შეამცირებს.
- დაადგინეთ ალკოჰოლის თქვენეული ზღვარი. კარგი იქნება, თუ წინასწარ გადაწყვეტთ, რამდენი ჭიქა სასმლის დალევას აპირებთ და ეცდებით, ამ რაოდენობას არ გადააჭარბოთ.
- სვით ნელა. რაც უფრო ნელ-ნელა მოწრუპავთ სასმელს, მით უკეთესი. კარგი იქნება, თუ საათში ერთ ჭიქაზე მეტს არ მიიღებთ. როდესაც ლიმიტს ამოწურავთ, სმა შეწყვიტეთ.
მკურნალობა
ნაბახუსევის საუკეთესო მკურნალი დროა. 24 საათში მისი სიმპტომები თავისთავად გაივლის, თუმცა არსებობს საშუალებები, რომლებიც მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ, თავს უკეთ გაგრძნობინებთ. მაგალითად, სვით რაც შეიძლება მეტი წყალი ან წვენი. ნაბახუსევიდან გამოსასვლელად არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ალკოჰოლიანი სასმელი, მით უმეტეს, განსხვავებული სახეობისა – ეს უფრო მეტად დაგამძიმებთ. მიირთვით ხემსი – კრეკერი, მარილიანი ჩხირები, ორცხობილა. ის სისხლში გლუკოზის დაცემულ დონეს აღადგენს. სასარგებლოა სუპი და ბულიონი, რომელთა საშუალებითაც ნატრიუმისა და კალიუმის დანაკარგს შეივსებთ. მსგავს ეფექტს მოახდენს მინერალური წყალიც. შეგიძლიათ, მიიღოთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელიც, რომელიც თავის ტკივილს მოგიხსნით, თუმცა ასპირინის შემცველმა მედიკამენტებმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავი უფრო მეტად გაგიღიზიანოთ. ეცადეთ კარგად გამოიძინოთ – კარგი ძილის შემდეგ ნაბახუსევის სიმპტომები შესაძლოა თავისთავად გაქრეს.