ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე რუსთაველის გამზირზე

ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე რუსთაველის გამზირზე - აღნიშნული ჯგუფი Facebook-ში შეიქმნა და დაანონსებული ღონისძიებით ერთ ღამეში 20 000 ადამიანი დაინტერესდა. ეს სახალხო ინიციატივაა, რომელიც ქართველი ხალხის პროტესტს გამოხატავს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე ერთად აღნიშნავენ ახალი წლის დადგომას.

„ახალი წლის ღამეს რუსთაველზე ვიკრიბებით ყველა, ვისაც სურვილი აქვს. ყველას მოაქვს ის, რაც აქვს და შეუძლია, იმიტომ რომ სახლში ვერ ვიქნებით თბილად, ვიდრე ამდენი ადამიანია დაპატიმრებული უკანონოდ. ეს არის სოლიდარობის აქცია“, - აღნიშნავს ჯგუფის ინიციატორი თამუნა თანდაშვილი.

Facebook-ში შექმნილ ღონისძიების აღწერაში წერია: „ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური - ქართველი ხალხი. ახალ 2025 წელს“. 

ჯგუფში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, სადაც ინტენსიურად იწერება იდენტური ხასიათის პოსტები: 

"ეჭვი მაქვს ამაზე კარგი საახალწლო საღამო არსად იქნება".

"სულ იმ საოცარ წუთზე მეფიქრება 31ში 12 საათი რომ დადგება და პარლამენტის წიმ მდგომი ხალხი ყველა ერთ სურვილს რომ ჩავიფიქრებთ..."

"ახლობელი, მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა ერთად ვხვდებით ახალ წელს რუსთაველზე, ამაღელვებელია ეს ჯადონური პროტესტი ახალი წლის ღამეს! გამარჯვება, მეგობრებო!" - წერენ მოქალაქეები.

რაც შეეხება საზეიმო ნაწილს, ადამიანები ვარაუდობენ, რომ უამრავი მომღერალი იქნება მათ გვერდით, რომელიც საღამოს გაულამაზებს. "საზეიმო ნაწილი როგორია? დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩვენი საამაყო მომღერლები და მუსიკოსები იქნებიან ჩვენთან ერთად." - აღნიშნავს მოქალაქე

 ასევე, ხშირი პოსტები ქვეყნდება ჯგუფ "დაიტოვეშიც", სადაც მოქალაქეები ამხნევებენ ერთმანეთს და მოუწოდებენ სიფრთხილისკენ.

ახალი წლის საპროტესტო აქციას უამრავი ცნობილი ადამიანი ეხმაურება. ისინი აცხადებენ, რომ  ახალი წლის საღამოს, მოქალაქეების გვერდით, რუსთაველის გამზირზე გაატარებენ. მომღერალი მერაბ სეფაშვილი საზოგადოებას დამდეგ 2025 წელს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდება. ასევე, აქციებზე დაშავებული ტელეჟურნალისტი გურამ როგავაც ამბობს, რომ ახალ წელს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებთან ერთად იდგება. 

სახალხო პროტესტს სალომე ზურაბიშვილიც უერთდება. ამის შესახებ მან ღონისძიების Facebook-ჯგუფში დაწერა: "ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობის და თავისუფლების წელი . შევხვდეთ ერთად!"

სალომე ზურაბიშვილი, ახალ წელს რუსთაველზე ხალხთან ერთად შეხვდება, შემდეგ კი, როგორც მან აღნიშნა, გამართავს არაერთ შეხვედრას როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.