საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ მუსლიმ ინგილო ქართველ თანამემამულეებს ახალ წელს ულოცავს.
“გილოცავთ ახალ წელს!
აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ მუსლიმ თანამემამულე ქართველებს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს.
კიდევ ერთ წელს ვაცილებთ და იმედით ვეგებებით ახალი 2025 წლის შემობრძანებას! საქართველოსა და აზერბაიჯანის, ორი მოძმე ქვეყნის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ფასდაუდებელია. ტოლერანტობა ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, როგორც ერთიანი ძლიერი ოჯახი. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავთ ქართულ დიასპორას, რომლებიც არ წყდებიან ქართულ ფესვებს. მჯერა, რომ თქვენი ფიქრები განუყოფელია საქართველოსგან. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენ ოჯახებს!”
საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგისა და სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს ტაძრების წინამძღვარს - მამა პეტრე ხუმარაშვილსა და მის მრევლს - კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს იესო ქრისტეს შობისა და ახალ წლის დღესასწაულებს ულოცავს.
“მამა პეტრე, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
უფლის ხორციელად შობა უდიდესი სიხარულია თოთოეული ქრისტიანისათვის. გამორჩეულად მნიშვნელოვანია ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მცხოვრები თანამემამულეებისთვის და პირადად თქვენთვის, სასულიერო პირისთვის, რომელიც იქაურ ქართველებს ეიმედებით.
თქვენ ნათელი მაგალითი ხართ ქართულ-აზერბაიჯანული ძმური ურთიერთობისა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი, 2025 წელი, ბედნიერება, სიხარული და წინსვლა დაებედოს ჩვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს!
ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენდეთ კახში მცხოვრებ ქართველებს, ხვავი და ბარაქა, სიხარული და სიმრავლე თქვენს ოჯახებს!” - ნათქვამია ზაზა ვაშაყმაძის მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული სახელმწიფო ოფიციალურად ულოცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ მუსლიმ ინგილო ქართველებსა და კახის რაიონში მცხოვრებ მართლმადიდებელ ინგილო ქართველებს.
ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი