მართალია, ახალი წლის შემობრძანებას მთელი მსოფლიო ოპტიმიზმითა და ამაღლებული განწყობით ხვდება, მაგრამ ყველა ქვეყანას დღესასწაულის აღნიშვნის საკუთარი, ხშირად მეტად უჩვეულო ტრადიცია აქვს.
"ძველმანების წვიმა" იტალიაში და "ქაღალდის თოვლი" არგენტინაში
რა თქმა უნდა, ყველას კარგად ახსოვს ძველი ნივთებისგან, მათ შორის დაზიანებული და უვარგისი ავეჯისგან სახლის გაწმენდის ტრადიცია, რომელთაც იტალიელები პირდაპირ ფანჯრებიდან ყრიდნენ, თუმცა უცნაურ ჩვეულებაზე ტემპერამენტულ აპენინელებს უარის თქმა მოუხდათ, რადგან თანამედროვე ეპოქაში პრაქტიკულობა უფრო აქტუალური აღმოჩნდა, ვიდრე ტრადიციების ერთგულება, ამიტომ დღეს იტალიელები მხოლოდ წვრილმანებს იმეტებენ გადასაგდებად. იტალიურ ტრადიციად ითვლება წითელი ფერის სამოსში ახალი წლის შეხვედრაც, რომელსაც ქალბატონებთან ერთად მამაკაცებიც სიამოვნებით ირგებენ, რადგან სწორედ ჯადოსნური წითელი განასახიერებს წარმატებასა და იღბალს. იტალიური პროვინციების ბინადრები კი, რომლებიც 1–ელ იანვარს წყაროზე მიდიან გამდინარე წყლის ასაღებად, დიდ გამართლებად თვლიან გზად მოხუც მამაკაცთან შეხვედრას, მაშინ როცა, გულგახეთქილი გაურბიან ქალებსა და ბავშვებს, ვისთან შეხვედრას ავის მომასწავებელ ნიშნად მიიჩნევენ.
ძველისგან გათავისუფლების ანალოგიურ მეთოდს მიმართავენ არგენტინელებიც, თუმცა ევროპელებისგან განსხვავებით, სამხრეთ ამერიკელები ახალი წლის ღამეს ძველ კალენდრებს, ქვითრებს, სხვა უსარგებლო დოკუმენტებს აგროვებენ და ნაკუწებად დახეულს ყრიან ფანჯრებიდან.