“შევამოწმეთ და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა" - რას აცხადებენ კომპანიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბაკურიანი ციდას" დალევის შემდეგ ბავშვი მოიწამლა და კლინიკაში წევს. მშობლები განსაკუთრებულად შეაშფოთა ამ ამბავმა და ცდილობენ ყველას მიაწვდინონ ხმა, რომ დროებით არ დაალევინონ ბავშვებს ეს წყალი, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა.

ცოტა ხნის წინ თავად კომპანია IDS ბორჯომ-მა გააკეთა განცხადება:

"კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.
პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრა".