„ელექტრონული სიგარეტის მოხმარება საქართველოშიც გაიზარდა, არის იმის მოლოდინი, რომ ასეთი უმძიმესი შედეგები დადგება ჩვენს ქვეყანაშიც“ - მახე თამბაქოს ბაზარზე

თამბაქოს მოხმარება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოდგენს. მოწევისგან გამოწვეული სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაავადებები, ხშირ შემთხვევაში ადამიანისთვის ფატალური შედეგის მომტანია. ნებისმიერი სახის მავნე ქიმიური ნივთიერებების მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თამბაქოს ხშირი მომხმარებელია, იმის მიუხედავად, რომ სიგარეტის ფასი საკამოდ მაღალია მწეველთა რიცხვი მაინც არ მცირდება.  პიროვნება, რომელიც იწყებს მოწევას, ის აუცილებლად ყალიბდება თამბაქოზე დამოკიდებულ ადამიანად. მოწევის დაწყება საკმაოდ მარტივია, მაგრამ მწეველი საზოგადების ყველაზე დიდ პრობლემას თავის დანებება წარმოადგენს. ადამიანები ახალ მეთოდს იყენებენ სიგარეტის შესამცირებლად და მას სხვადასხვა სახის ელექტრო სიგარეტებით ანაცვლებენ. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა ელექტრონული სიგარეტი და გახურებადი თამბაქო („აიქოსი“)  როგორც თამბაქოს მოწევის ალტერნატივა. რა არის ელექტრონული სიგარეტი და რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისათვის ჩვეულებრივ სიგარეტთან  შედარებით? გაზეთი „ვერსია“ ამ თემასთან დაკავშირებით „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს ესაუბრა. 
_ ბატონო გიორგი, კონკრეტულად რა სახის ზიანი შეიძლება მოუტანოს ელექტრონულმა სიგარეტმა ადამაინის ჯანმრთელობას?
_ მე არ მინდა გავყო და დიფერენცირება გავუკეთო სხვადასხვა ტიპის თამბაქოს პროდუქტებს, რადგან არცერთი მათგანი უსაფრთხო არ არის ჯანმრთელობისთვის. თამბაქოს კვამლი, ელექტრონული სიგარეტის ორთქლი და გასახურებელი თამბაქოს აეროზოლი შეიცავს ტოქსინებს და კანცეროგენებს. ტოქსინებს, ანუ, მომწამვლელ ნივთიერებებს და კანცეროგენებს, ანუ, კიბოს გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებებს. მსოფლიოში არცერთ მეცნიერს არ დაუდგენია ტოქსინების და განსაკუთრებით კანცეროგენების უსაფრთხო დოზა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შესაბამისად ეს პროდუქტები სიცოცხლისთვის არის ძალიან საშიში. თამბაქოს მავნეობასთან დაკავშირებით ბევრი კვლევაა ჩაატარებული და დადგენილია 90%-იანი კავშირი ფილტვის კიბოსა და თამბაქოს მოხმარებას შორის. ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში შესაძლოა უფრო მეტი რისკი იყოს. 2019 წელს გაჩნდა ახალი ტიპის დაავადება „ევალი“, ეს არის ელექტრონული სიგარეტისა და „ვეიპინგისგან“ გამოწვეული ფილტვის დაზიანება. 2019 წელს ამერიკაში დაფიქსირდა რამოდენიმე ასეული შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნები, კერძოდ 16 -დან 19 წლამდე მოზარდები მოხვდნენ კლინიკაში, დაუდგენელი ფლიტვის დაზიანებით. როდესაც დადგინდა რისგან შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვული დაავადება, ეს იყო ელექტრონული სიგარეტების სითხეებში გარეული სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების, მათ შორის მარიხუანას ექსტრაქტები, ყოველივე ამან გამოიწვია ფილტვის სწრაფი დაზიანება და რამოდენიმე დღეში ფატალური შედეგიც დააყენა. მონაცემების მიხედვით ევროპაში ახლა არის სწორედ ამის ბუმი, ასევე წამოვიდა რუსეთისკენაც და საკამოდ გავრცელდა ეს დაავადება. გვაქვს ეჭვი, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და არის მოლოდინი, რომ ასეთი უმძიმესი შედეგები დადგება ჩვენს ქვეყანაშიც. 
_ ზოგადად რა არის ელექტრო სიგარეტი და რითი განსხვავდება იგი ჩვეულებრივი სიგარეტისგან?
_ელექტრო სიგარეტებში 15000-მდე ქიმიური დანამატია შემუშავებული, ე.წ არომატიზატორი. ელექტრო სიგარეტი არის ნიკოტინის ელექტრონულად მიწოდების სისტემა, სადაც თხევადი სახით არის წარმოდგენილი ნიკოტინი და ასევე ეს სხვადასხვა დანამატები. ეს ყველაფერი იხსნება გლიკოლში და გლიცერინში. აქვთ ცივი სახით, რომელიც გამოიყენება სამედიცინო მიმართულებით, მაგრამ როდესაც ხდება ელექტრონული სიგარეტის სითხის აპარატით გახურება, ამ შემთხვევაში თითქოსდა უვნებელი გლიცერინი გარდაიქმნება კანცეროგენად და ტოქსინად, შესაბამიდან ეს უკვე არის საშიში ქიმიური ქარხანა, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს მწეველების და მათ გარშემო მყოფი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ჩვეულებრივ თამბაქოს, რაც შეეხება გამოკვლეული არის 7000-მდე ქიმიური ნივთიერება, აქედან 250 არის ტოქსიური, 250-დან 70-მდე არის კანცეროგენი. ფაქტობრივად არ არსებობს ორგანო ან ორგანოთა სისტემა, რომელსაც ეს ქიმიური, ყოველდღიური ზემოქმედება არ აზიანებდეს და არ აყენებდეს სავალალო შედეგებს. 
_ ბატონო გიორგი, ერთ-ერთი გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი „აიქოსი“ , საკმაოდ პოპულარული გახდა,  რომელიც ჩეულებრივი სიგარეტის ჩანაცვლების ალტერნატივას წარმოადგენს. რითი განსხვავდება იგი თუნდაც ელექტრო სიგარეტისგან და რამდენად საშიშია მისი გამოყენება ადამიანის სიცოცხლისათვის?
_ გასახურებელ თამბაქოს, რაც შეეხება, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ეს არის თამბაქოს პროდუქტი. ელექტრონულ სიგარეტში თუ სითხის სახით არის ქიმიური დანამატები და ნიკოტინი, გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში გვაქვს ჩვეულებრივი თამბაქოს ნაწარმი, რომელიც ქიმიურად არის დამუშავებული. ქიმიური დამუშავების შედეგად ის აღარ იწვის, მხოლოდ ხურდება. ხურდება 270- დან 350 გრადუსამდე. 110-120 გრადუსის შემდგომ თამბაქოს ახალი ტიპის ნაწარმი გარდაიქმნება ტოქსინებად და კანცეროგერებად. ეს თამბაქო არის სპეციალურად დამუშავებული და აღმოჩნდა, რომ ამ გამონაბოლქვ მასაში, აეროზოლში, გვხვდება ახალი ტიპის ტოქსინები, რომელიც საერთოდ არ ფიქსირდება თამბაქოს ნაწარმში. გარდა ამისა, მასში კონცენტრირებულია ნიკოტინი, მწარმოებელი კი ამბობს რომ მასში ნიკოტინის შემცველობა 0,5 მილიგრამია, მაგრამ, როდესაც ფრანგმა მეცნიერებმა გაზომეს, აღმოჩნდა რომ შემცველობა 4,1 მეათედს უდრის, ეს ნიშნავს, რომ 8-ჯერ მეტია ნიკოტინი. ასეთი შემცველობა იწვევს უფრო ძლიერ დამოკიდებულებას და უფრო მეტად მიჯაჭვულს ხდის ადამიანს. რაც შეეხება გამონაბოლქვ მასას, ზოგიერთი ტოქსინი და კანცეროგენი ნაკლები კონცენტრაციით გვხვდება, მაგრამ 56 ტოქსინის და კანცეროგენის შესახებ ინფორმაცია დამალა „ფილიპ მორისმა“, ეს დაადასტურეს ამერიკელმა მეცნიერებმა. ამ 56- დან 22-ის კონცენტრაცია ორჯერ აღემატებოდა იმ კონცენტრაციას რაც თამბაქოს კვამლშია. რომელი ზიანის შემცირებაზე ვსაუბრობთ... გასულ წელს ინტენსიურად ცდილობდა ეს ინდუსტრია, რომ უკანონო მარკეტინგით მოეხდინა მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაპყრობა. ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ ეს არის ზიანის შემცირების პროდუქტი. ნაკლები საფრთხეების შემცველობა ვერ დადგინდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს უსაფრთხო დოზა, როგორ შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში მიიღოს ადამიანმა ტოქსინი და კანცეროგენი, ისე, რომ უჯრადის გადაგვარებას არ შეუწყოს ხელი. შესაბამისად რისკი არის მაღალი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს ნაწარმი, რომელიც არ იწვის და უბრალოდ ხურდება, უფრო მეტი საშიშროების მომტანია ჯანმრთელობაზე ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარებისას. 
_ სიგარეტისგან განსხვავებით , დასაშვებია თუ არა გახურებადი თამბაქოს მოხმარება დახურულ სივრცეში? 
_ რა რეგულაციებიც არის ჩვეულებრივ თამბაქოსთან დაკავშირებით, ყველაფერი ვრცელდება ელექტრონულ და გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებზე, თუ ვინმე დახურულ სივრცეში ეწევა „აიქოსს“, სადაც მოწევა აკრძალულია, ეს არის უკანონო ქმედება. ჩვენ რამოდენიმე ათეული შემთხვევა გამოვავლინეთ. ზოგჯერ ამას ხელს უწყობს ობიექტი, ამ შემთხვევაში პირველ რიგში ობიექტები ჯარიმდებიან, დაწესებულება უპირველესად პასუხისმგებელია, იმაზე ,რომ მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც მოწევა აკრძალულია არ დაუშვას მოწევა. თუ ნახევრად ღიაა შენობა, იქ მოწევა დაშვებულია, გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სადაც არა მხოლოდ შენობაში, არამედ ტერიტორიაზეც აკრძალულია თამბაქოს მოხმარება. 
_ და ბოლოს, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ის პასიური მწეველებისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სუნთქავენ გასახურებელი თამბაქოს გამონაბოლქვს?
_ რაც შეეხება, პასიურ მწეველობას, როგორც გითხარით აეროზოლები შეიცავს ამ ტოქსიურ და კანცენოგენურ ნივთიერებებს და შესაბამისად ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხე არსებობს. ამიტომ არის აკრძალული მოწევა საზოგოების თავშეყრის ადგილას და ტრანსპორტში. რისკები მაღალია და უსაფრთხო ნამდვილად არ არის გარშემო მყოფებისათვის. ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტომ 2020 წლის 7 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და დროებით მიანიჭა გასახურებელი თამბაქოს ამ პროდუქტს მოდიფიცირებული პროდუქტის სტატუსი, რასაც არასწორად, მარკეტინგის კუთხით იყენებს „ფილიპ მორისი“. სააგენტომ იქვე მიუთითა, რომ ეს არ არის ჯანმრთელობისთვის ნაკლებად ზიანის მომტანი პროდუქტი. მოდიფიცირებული რისკის პროდუქტის სტატუსი არ ნიშნავს ნებართვას ამ პროდუქტზე, რომ ის ფართოდ გავრცელებადი იყოს. ასეთი ტიპის სტატუს ანიჭებენ სარისკო პროდუქტებს, იმისთვის, რომ ამერიკის ბაზარზე მარკეტინგის უფლება დაერთოს, სხვა უფლება ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის სტატუსის მქონე პროდუქტს არ აქვს, მაგრამ ამ ტერმინს მარკეტინგში იყენებს კონკრეტულად, ამ თამბაქოს მწარმოებელი ინდუსტრია და ასპონსორებს სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის სამედიცინო და კვლელით ორგანიზაციებს. ექიმებს ატრენინგებენ და ხდება ასეთი ნარატივი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, რომ არ წამოეგონ ამ ცრუ მარკეტინგს და მინიმუმ დაარეგულირონ, თუ საერთოდ არ აკრძალავენ. არსებობს ათეულობით ქვეყანა, რომელსაც გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის წარმოება და იმპორტი აქვს აკრძალული. შესაბამისად ჩვენი ამოცანაა, საქართველო გამოცხადდეს ამ პროდუქტებისგან  თავისუფალ ქვეყანად და მოხდეს მაქსიმალურად ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა და კომპენსაციების დაკისრება ამ ინდუსტრიებისათვის,  ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლეზე მიყენებული ზიანის გამო. რიცხობრივად ყოველ წელს 11000 ადამიანი კვდება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით, წარმოიდგინეთ ეს არის ყოველი მეხუთე ადამიანი. თვითონ სტატისტიკა  გვიჩვენებს რამდენად ფატალური შედეგის მიყენება შეუძლია თამბაქოს მოხმარებას.