საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მეხუთე დღეა თოვს. დიდთოვლობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა აჭარასა და გურიაში, სადაც სტიქიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, უხვ ნალექს უშედეგოდ ებრძვიან. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა, მაღალმთიანი სოფლები პარალიზებულია, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. "ჰოთნიუსი" კურორტ ბახმაროში მყოფ პირს, ილია დარჩიას ესაუბრა. მისი თქმით, თოვლის საფარი ისეთ სიმაღლეზეა, რომ ხილვადობა თითქმის ნოლის ტოლია. ელექტროენერგია ბახმაროს უკვე 3 საათზე მეტია არ მიეწოდება.
“ბოლო 2 დღეში თოვლის საფარი დაახლოებით ორი მეტრით არის გაზრდილი, თოვა ინტენსიურად გრძელდება, არის ქარბუქი, ხილვადობა თითქმის ნოლს უტოლდება, თოვლმაველებისთვისაც უდიდესი საფრთხის შემცველია ამ ამინდში გადაადგილება, ვიცი ბევრი ითხოვს აქედნაც შველას… ყველა ვიზიარებთ შექმნილი სიტუაციის სიმძიმეს და ვცდილობთ ყველა სოფელს, თუ ადამიანს მივეშველოთ, როგორც ამინდი გვაძლევს ამის შესაძლებლობას… მე დასაქმებული გახლავართ ერთ-ერთ კომპანიაში და ჩვენ ამჟამად საკვების და სამედიცინო საშუალებების მარაგი გვაქვს. აქ მყოფების უმეტესობა ქართველია, თუმცა, როგორც ვიცი არიან ტურისტებიც. თოვლი იმხელაა, რომ გადაადგილება შეუძლებელია, ვერ ვარკვევთ დაზიანებულია, თუ არა ადგილობრივების სახლები, მთლიანად დაფარულია ყველაფერი. 3 საათია არ მოგვეწოდება ელექტროენერგია, წყალი ჯერჯერობით გვაქვს, ცენტრალური გათბობა კი შეშაზეა" - ამბობს ილია დარჩია "ჰოთნიუსთან" საუბრისას.
ავტორი: ია გრიგალაშვილი