გურიაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა

გურიაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა, რთული რელიეფისა და თოვის ინტენსივობის გამო მდგომარეობა ჯერ ისევ საყურადღებო რჩება.

საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაზარალებულ რეგიონში ელექტროენერგიის აღდგენა და სოფლებთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალური გზების გაწმენდაა, რათა მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება შეუფერხებლად მიეწოდებოდეს. ამ მიზნით გურიის რეგიონში მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა, რომელიც სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდის პროცესში ჩაერთო.

გაწმენდითი სამუშაოები ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებში, იქ სადაც თოვლის სიმაღლე ორ მეტრს აღემატება, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამასთან შეუფერხებლად მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და დეპუტატები.