საქართველოში სტუდენტთა 20% უცხოელია - მათი რაოდენობა მზარდია

საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა. გაიზარდა ასევე უცხოელების წილი სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 37.1 ათასი შეადგინა, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს სტუდენტების საერთო რაოდენობის 19.7%-ია.

აღსანიშნავია, რომ გასულ სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 30,701 იყო და მათი წილი საერთო რაოდენობაში 17.2%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება სტუდენტთა ჯამურ რიცხვს, საქსტატის ცნობით, ამჟამად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 187.8 ათასი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან (177 791) შედარებით 5.6%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 57.7%, ხოლო კერძოში - 42.3%. ამასთან, სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.8% ქალია, ხოლო 47.2% - კაცი.

აღსანიშნავია, რომ 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კი კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64% ქალაქ თბილისშია.