ევროკავშირი Erasmus+ გაცვლითი პროგრამების გაჩერებას არ აპირებს - IPN

ევროკავშირი Erasmus+ გაცვლითი პროგრამების გაჩერებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"არ ვაპირებთ Erasmus+ მობილობის და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან. ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ახალგაზრდები არიან მცდელობის სათავეში, რომლის მეშვეობითაც საქართველომ ევროკავშირის გზაზე სვლა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირი გააგრძელებს მათ გვერდით ყოფნას", - უთხრეს სააგენტოს ევროკავშირის პრესსამსახურში.

მიმდინარე კვირაში გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობა გააჩერა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეხება სტუდენტების მობილობას, კვლევასა და ევროკავშირში საქართველოს პროგრამებს.