ბათუმში ყველა ცენტრალური და საკვანძო ქუჩა თოვლის საფარისაგან გაწმენდილია. დასასრულს უახლოვდება დამაკავშირებელი და შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომლის შემდეგაც დაიწყება ავტობუსების მოსაცდელებისა და გზების იმ ნაწილების გაწმენდა და გაფართოება, სადაც დარჩენილია თოვლის საფარი.
პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 37 ოჯახი, რომელთაც სახურავები, მიშენებები დაუზიანდათ ან არსებობდა ამის საფრთხე.
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 80%-ით არის აღდგენილი. ამ ეტაპზე 27 სამარშრუტო ხაზიდან 21-ზე უკვე მოძრაობენ ავტობუსები. დარჩენილ მიმართულებებზე მიმოსვლა უახლოეს დღეებში აღდგება. ენერგორესურსების მიწოდების კუთხით ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია. საბავშვო ბაღები და სკოლები 4 მარტიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ საგანმანათლებლო პროცესს.
"ბათუმის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც თოვლისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოების დასრულება, ამავდროულად სხვა ღონისძიებები, რომელიც სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებებს გულისხმობს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ცენტრალური და გზის საკვანძო მონაკვეთი აღდგენილია. ამავდროულად, მიმდინარეობს როგორც დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, პრაქტიკულად გაწმენდითი სამუშაოების 95% ამ ეტაპისთვის გაწმენდილია. 37 ოჯახი არის ქირით გაყვანილი, სადაც შეიქმნა საშიშროება როგორც სახურავის, ასევე მიშენებების ნაწილში. ბუნებრივია, ყველა იმ ტიპის ღონისძიებას, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროების დაკმაყოფილებას გულისხმობს, აღდგენითი ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სრულად,“ - აცხადებს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი.