საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა, დასავლეთ საქართველოს მქადაგებელმა, ყოფილმა მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში მცხოვრებ ინგილო მუსლიმ ქართველებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა.
„მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო! მე ვარ ყოფილი საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე. დღეს ვმუშაობ დასავლეთ საქართველოს მქადაგებლად. მინდა ჩვენი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით და ასევე საქართველოში მცხოვრებ ყველა ქართველი მუსლიმის სახელით მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანში მცხოვრებ ინგილოელ ქართველ მუსლიმებს მარხვის თვის დადგომა, ვუსურვო წინსვლა, წარმატება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთთანადგომა და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად ჩვენი ძმები და დებიც ასევე დაგვლოცავენ ჩვენ, როგორც ჩვენ მათ ვლოცავთ და ვეფერებით შორიდან. ღმერთმა სიყვარული და სიხარული არ მოგაკლოთ ოჯახებში ჩემო ძვირფასებო. მრავალს და მრავალს მარხვის თვეს დაგასწროთ ღმერთმა და მრავალი ყადირის ღამეები მოგასწროთ უფალმა. ღმერთის დალოცვილი ყოფილიყავით ყველა თქვენთაგანი“ - ამბობს იგი ვიდეო მიმართვაში.
ყადირის ღამე სუნიტი მუსლიმებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვს მუსლიმური მარხვის - რამადანის თვეში აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეფენდი ბეგლარ ქამაშიძე საქართველოს მუსლიმთა მუფტი იყო,თბილისში, მუსლიმთა სამმართველოში მასთან შესახვედრადის ინგილო ქართველი მუსლიმი ახალგაზრდები მივიყვანე, რომლებიც თბილისში სწავლობდნენ. მან გულთბილად მიგვიღო და მოიკითხა აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. როგორც მუსლიმთა სამმართველოში სტუმრობისას გვითხრეს, მათთან ერთ-ერთი ინგილო ქართველიც მუშაობდა ბელაქნის რაიონის ქართულ სოფელ ითითალიდან. ბევრმა მუსლიმმა ინგილო ქართველმა დღესაც არ იცის, რომ უკვე მრავალი წელია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაციის მდივანი ითითალელი ოქტაი (კოკა) ისაევია (ძველი გვარი ბადურაშვილი).
საქართველოს მუსლიმთა იმდროინდელ მუფთთან - ბეგლარ ქამაშიძესთან შეხვედრის შესაძლებლობა სხვა დროსაც მქონდა და მახსოვს მისი საინტერესო მოგონებაც - ბავშვობაში მამაჩემს ინგილო ქართველი ძმაკაცი ჰყავდა და როცა ის აჭარაში, ოჯახში გვესტუმრებოდა, მამა ყველას აცნობდა, რომ ეს ჩემი ინგილოელი ძმაკაციაო. მაშინ ბავშვი ვიყავი და კარგად არ მესმოდა რას ნიშნავდა ინგილო ან საინგილო და მოგვიანებით გავაცნობიერე ეს ყველაფერიო.
აღსანიშნავია, რომ იგი პირველი მაღალი რანგის ქართველი მუსლიმი სასულიერო პირია, რომელიც ვიდეო მიმართვით, ოფიციალურად მიმართავს საზღვარს მიღმა, აზერბაიჯანში მცხოვრებ ჩვენს თანამემულეებს.
მისი ვიდეო მიმართვა ასევე გაავრცელა რუსეთის ფედერაციაში საინგილოს ქართველების დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა როსტომ შაპიაშვილმა. საქართველოს მუსლიმთა მუფტები, შეიხები და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით ორჯერ იმყოფებოდნენ ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაშიც. გასული წლის ნოემბერში ქართველ მუსლიმთა მუფტები და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან ზაზა ვაშაყმაძესთან, საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან და სხვა ქართველ ოფიციალურ პირებთან ერთად გეგმავდნენ ზაქათალის რაიონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მონახულებასაც, თუმცა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი გარკვეული მიზეზების გამო ვერ შედგა. იმედია წელს, გაზაფხულზე ქართული დელეგაცია ზაქათალის რაიონში მცხოვრებ ინგილო ქართველებსაც შეხვდება.
ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი