მაგისტრალურ მილსადენის დაზიანების გამო ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზი არ მიეწოდება. გაზის მიწოდება შეწყვეტილია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების არაერთ სოფელში.
გაზგამანაწილებელ კომპანია „სოკარ გაზ ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ გაზის მიწოდება მათი მიზეზით არ შეწყვეტილა - დაზიანდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი მილსადენი.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ვვარაუდობთ, რომ ხვალ დილიდან აღდგება გაზის მიწოდება“, - ამბობენ „სოკარ გაზი ჯორჯია“ პრესსამსახურში.
დამატებით ინფორმაცია ავრცელებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. მათი ცნობით, მილსადენზე აღმოჩენილი გაჟონვის გამო დილის 11:00 საათიდან დაიკეტა აჭარის კვანძზე არსებული ონკანები.
ბუნებრივი აირის მიწოდება ასევე შეუწყდათ:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცეცხლაური, აჭი და ოჩხამური.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატანები, წვერმაღალა, შეკვეთილი, კაპროვანი,,ურეკი, ხრიალეთი, მოცვნარი, შრომა, ვაკე, ზემო ორმეთი, ლიხაური,გოგორეთი,დაბა ლაითური, დაბა ნარუჯა, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი, ჭანიეთი, ხვარბეთი და ზედუბანი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გრიგოლეთი, სუფსა, ხიდმაღალა, ტაბანათი, ჩქუნი, ახალსოფელი, ღრმაღელე, ორმეთი, ომფარეთი, წყალწმინდა და ოხოჯური.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს“, - ამბობენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.