მცხეთის ხიდზე აღდგენითი სამუშაოების გამო, მოძრაობა კვლავ შეიზღუდება - დეპარტამენტი

მდინარე არაგვის [მცხეთის] ხიდზე, აღდგენითი სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყება წერს, რომ აღდგენითი სამუშაოებისთვის ტექნოლოგიური პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს. შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 8 მაისიდან, 10 დღის განმავლობაში, ხიდის მარცხენა მიმართულების ერთ ზოლზე მოძრაობა შეიზღუდება ღამის საათებში: 22:00 საათიდან - 07:00 საათამდე. დღის საათებში მოძრაობა იქნება ორ ზოლზე.

მათივე ცნობით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება ხიდის სამშენებლო სამუშაოები.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი გასულ თვეში მცხეთასთან, მდინარე არაგვზე არსებული ავარიული ხიდის ახლით ჩანაცვლებას გამარტივებული სანებართვო პირობებით ითხოვდა. საუბარია ხიდის სამშენებლო ნებართვის გზშ-ის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე გაცემაზე, რაც უწყების განმარტებით არსებული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი.

წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, არსებული ხიდი, რომელიც 1973 წელს არის აშენებული ვერ უძლებს სატრანსპორტო ნაკადის გაზრდილ დატვირთვებს და არაერთი შეკეთების მიუხედავად, მისი მზიდი კონსტრუქცია ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალისთვის წარდგენილ მოთხოვნებს. ამასთან, უწყება აცხადებს, რომ თუკი არსებულ ხიდს ჩაუტარებენ სრულ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას ამას ერთ წელზე მეტი შეიძლება დასჭირდეს, რაც არსებულ ვითარებაში ქვეყანაში სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს.