“იმედი მაქვს, რომ ჩვენ საყვარელ სამშობლოს მოინახულებთ” - ბეგლარ ქამაშიძე აზერბაიჯანში, ირანსა და თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებს ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა, დასავლეთ საქართველოს მქადაგებელმა ბეგლარ ქამაშიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ფერეიდანში და თურქეთში მცხოვრებ მუსლიმ ქართველებს ვიდეომიმართვით ყურაბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. 
“განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს ძვირფასი ყურბან ბაირამის დღესასწაული ჩვენს ინგილოელ ქართველებს, ასევე მინდა მივულოცო ფერეიდანელ ქართველ მუსლიმებს და მინდა მივულოცო თურქეთში მცხოვრებ გურჯებს, ქართველებს, რომლებიც ჩვენგან არიან შორს და ჩვენ მათ სულ ყოველთვის შორიდან ვეფერებით და შორიდან ვულოცავთ ამ დღესასწაულებს. ღმერთმა გამრავლოთ ჩემო ძვირფასებო. ღმერთმა თქვენს ქვეყანაში მშვიდობა ქნას, ასევე ჩვენს ქვეყანაშიც და იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენთაგანი ერთხელ მაინც თქვენს ცხოვრებაში ჩვენს საყვარელ სამშობლოს, ჩვენ საყვარელ საქართველოს მოინახულებთ” - ამბობს ბეგლარ ქამაშიძე ვიდეომიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ იგი პირველი მაღალი რანგის ქართველი მუსლიმი სასულიერო პირია, რომელიც ვიდეო მიმართვით, ოფიციალურად მიმართავს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა, აზერბაიჯანში, ირანსა და თურქეთში  მცხოვრებ ჩვენს თანამემულეებს. აღსანიშნავია, რომ ფერეიდნელი ქართველები შიიტი მუსლიმები არიან, ხოლო თურქეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები მუსლიმი ჩვენებურები - სუნიტები.

საქართველოს მუსლიმთა მუფთთან - ბეგლარ ქამაშიძესთან შეხვედრის დროს, ჩემთან საუბარში მან გაიხსენა ბავშვობისდროინდელი მოგონებაც - პატარა რომ ვიყავი, მამაჩემს ინგილო ქართველი ძმაკაცი ჰყავდა და როცა ის აჭარაში, ოჯახში გვესტუმრებოდა, მამა ყველას აცნობდა, რომ ეს ჩემი ინგილოელი ძმაკაციაო. მაშინ ბავშვი ვიყავი და კარგად არ მესმოდა რას ნიშნავდა ინგილო ან საინგილო და მოგვიანებით გავაცნობიერე ეს ყველაფერიო.

„მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო! მე ვარ ყოფილი საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე. დღეს ვმუშაობ დასავლეთ საქართველოს მქადაგებლად. მინდა ჩვენი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით და ასევე საქართველოში მცხოვრებ ყველა ქართველი მუსლიმის სახელით მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანში მცხოვრებ ინგილოელ ქართველ მუსლიმებს მარხვის თვის დადგომა, ვუსურვო წინსვლა, წარმატება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთთანადგომა და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად ჩვენი ძმები და დებიც ასევე დაგვლოცავენ ჩვენ, როგორც ჩვენ მათ ვლოცავთ და ვეფერებით შორიდან. ღმერთმა სიყვარული და სიხარული არ მოგაკლოთ ოჯახებში ჩემო ძვირფასებო” -  ამ გულთბილი სიტყვებით, ვიდეომიმართვით მიულოცა ბეგლარ ქამაშიძემ წელს მარტში, აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველებს მარხვის თვის დაწყებაც.

სტატიის ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი